COP31-ის ფარგლებში საქართველოს პავილიონში კლიმატისადმი მდგრადობისა და ინკლუზიური კლიმატური მოქმედების საკითხებზე ღონისძიება გაიმართა

COP31-ის ფარგლებში, საქართველოს პავილიონში, ღონისძიება – „ცოდნა, უნარები და ინკლუზიური კლიმატური მოქმედება: მდგრადი თემების მშენებლობა საქართველოში“ გაიმართა. შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, თემატური დღის  –  „ბავშვები, ახალგაზრდები, განათლება და უნარები“ ფარგლებში ჩატარდა.

ღონისძიება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში  დაგლას უებმა გახსნეს.

შეხვედრაზე თამთა დევდარიანმა მონაწილეებს გააცნო პროექტის – „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და ისაუბრა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შემცირებაში ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარების მნიშვნელობაზე. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ვიდეორგოლის  „კლიმატისადმი მდგრადობა საქართველოში“  ჩვენება.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინება და ინკლუზიური მიდგომების მნიშვნელობა იყო. სესიის –  „თემის ხმა“ ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) გლობალური პროგრამების დეპარტამენტის სპეციალისტმა ნადია ზაიდიმ მონაწილეებთან ერთად განიხილა კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, კატასტროფების რისკის შემცირების პროცესში შშმ პირთა ჩართულობისა და მათი შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდების როლს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით. მონაწილეებს ახალგაზრდა კლიმატის ელჩის გამოცდილება გაუზიარეს, რაც წარმოაჩენდა ახალგაზრდების შესაძლებლობას, თანატოლებს კლიმატის ცვლილების შესახებ ცოდნა გაუზიარონ და ადგილობრივი თემების გაძლიერებაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.

დისკუსიის ფარგლებში აღინიშნა, რომ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი ცოდნისა და უნარების განვითარება მნიშვნელოვანია, რათა მათ შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება და გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიური ჩართვა.

„კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და თემების მედეგობის გაძლიერება მხოლოდ ტექნიკური ღონისძიებებით ვერ მიიღწევა. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განათლებას, პრაქტიკული უნარების განვითარებას, ახალგაზრდების გაძლიერებასა და ინკლუზიური მიდგომების დანერგვას, რაც კლიმატური რისკების მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ყველა ჯგუფის მონაწილეობას უზრუნველყოფს“-განაცხადა გარეოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა.

ღონისძიება კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატში დასრულდა.

 

Back to top button