გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ქვემო ფონიჭალაში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქეები მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან, ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდნენ.

ბრაკონიერებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 64 კილოგრამი თევზი.

ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია, ამიტომ მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. მისი დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით  24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც გაძლიერებული კონტროლის შესაძლებლობის შედეგია.

Back to top button