ჩვენ უალტერნატივო უნდა გავხადოთ აფხაზებისთვის და ოსებისთვის ჩვენთან ერთად თანაცხოვრება; ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა. მომდევნო მინიმუმ 10 წლის განმავლობაში ეს უნდა იყოს ყოველდღე გასაკეთებელი და საზრუნავი ჩვენი მთავრობის და ჩვენი ხალხის, ჩვენი ყველასი ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამისთვის ერთადერთი გამოსავალი განვითარება და კეთილდღეობაა.
„ამ შემთხვევაში ერთადერთ გამოსავლად მესახება განვითარება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა. რას ვთავაზობთ. ჩვენ, პირდაპირ უნდა ითქვას, უნდა შევთავაზოთ გაცილებით მომხიბვლელი ალტერნატივა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. პირდაპირ, ღიად ვთქვათ, დღეს ამ ალტერნატივას, გარდა ერთგვარი ინიციატივებისა თუ წამახალისებელი და მომხიბვლელი მექანიზმებისა, ჩვენ ვერ ვთავაზობთ. ვთქვათ პირდაპირ, წარმოიდგინეთ რეალობა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, მე გადავალ ცოტა პოლიტიკურ ნაწილში და მინდა, რომ კიდევ ერთხელ ერთგვარი შეფასება გავაკეთოთ, რამდენიმე თვის წინ არჩევანი გააკეთეს საპარლამენტო არჩევნებზე და მხარი დაუჭირეს 9 პოლიტიკურ პარტიას, რომელთაგან აბსოლუტურმა უმრავლესობამ უარი განაცხადა პარლამენტში მონაწილეობაზე. რომელ ჭკუათმყოფელ და გონიერ ადამიანს მოუნდება ამ პოლიტიკურ რეალობაში ქართველებთან თანაცხოვრება?! მე არ მინდა პესიმისტური შეფასებები გავაკეთო, ეს არის რეალობა, მეგობრებო და მინდა ამაზე კარგად დავფიქრდეთ. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების, პარტნიორების დახმარებით აბსოლუტურად ხელოვნურად, უსაფუძვლოდ შექმნილი კრიზისი ამოიწურა და შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ ნორმალურ, პოლიტიკურ ცხოვრებას პარლამენტში, რომ ყველამ ერთად ამ გამოწვევებს, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, პანდემია და აშ.. ერთობლივი ძალისხმევით გავუმკლავდეთ. ახლა ვხედავთ, რომ ბოიკოტი გრძელდება. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, დაარწმუნო ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები, რომ პერსპექტიულია და ქართველებთან ერთად თანაცხოვრების მზაობა არის. მით უმეტეს მაშინ, როცა კარგად გვესმის ჩვენ, ყველას, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია. ეკონომიკური სიდუხჭირე, განვითარება, უმუშევრობა და აშ.. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ვუბრუნდები იმას, რითაც დავიწყე, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს განვითარება, რეალური კეთილდღეობა.
მთავარი არის საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევა. გრძელვადიანი პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, რომელიც იქნება ჩვენი მოსახლეობის რეალური პრობლემების გადაჭრის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დაძლევის და თითოეული ოჯახისთვის კეთილდღეობის მოტანის მყარი გარანტი. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება საქართველო მიმზიდველი და უალტერნატივო ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის. ჩვენ კარგად გვახსოვს, იყო დრო, როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, აფხაზეთს და სოხუმს ეძახდნენ შავი ზღვის რივიერას. რატომ არ შეიძლება, განვიხილოთ პერსპექტივა, რომ იგივე რეალობა შეიძლება დადგეს?! რეალური განვითარებით, რეალური პროექტებით. ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია, მეგობრებო. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები, ჩვენი თანამოქალაქეები, რომ ერთადერთი ალტერნატივა მათთვის, მათი განვითარების, მათი შვილებისთვის, არის სწორედ ქართველებთან ერთად თანაცხოვრება, ჩვენს ერთიან, ძლიერ საქართველოში. ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის შეუცვლელი, ეს პროცესი არის შეუქცევადი, ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყანა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.