
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს მიმართავს. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ კვირას წლიურ ანგარიშებს განიხილავს. 23 ივნისს, პლენარულ სხდომაზე დეპუტატები სახალხო დამცველის ანგარიშს, 24 ივნისს – გენერალური პროკურორის ანგარიშს, 25 ივნისს კი გენერალური აუდიტორის ანგარიშს მოისმენენ.
მიმდინარე სასესიო კვირას პარლამენტის წევრები კანონპროექტებს განიხილავენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს აირჩევენ.
ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.