ერევანში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის (CBD) მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (COP17) ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მცენარეთა გენეტიკური რესურსების ეროვნულმა კოორდინატორმა ლევან უჯმაჯურიძემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

სურსათისა და სოფლის მეურნეობისათვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების (ITPGRFA) მდივან კენტ ნნადოზიესა და მდივნის მოადგილე ალვარო ტოლედოსთან შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება, საქართველოში მიმდინარე პროექტის შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის როლს რეგიონში მცენარეთა გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნებაში.

ლევან უჯმაჯურიძემ შეხვედრები გამართა ასევე სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არმან ხოჯოიანთან, კულტურათა მრავალფეროვნების გლობალური ფონდის (Crop Trust) აღმასრულებელ დირექტორ შტეფან შმიტცთან და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული პროგრამების ხელმძღვანელ რაიმუნდ იელესთან. შეხვედრებზე მხარეებმა საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი საქმიანობის შესაძლებლობები განიხილეს.

მშრალი რეგიონების სოფლის მეურნეობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARDA) გენბანკის მენეჯერთან, დოქტორ მარიანა იაზბეკთან შეხვედრის მთავარი თემა სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ICARDA-ს შორის თანამშრომლობის აღდგენა და მისი შემდგომი განვითარება იყო.

„მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვა გრძელვადიანი და თანმიმდევრული პროცესია, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობასა და გამოცდილების გაზიარებას მოითხოვს. გამართული შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, განვსაზღვროთ თანამშრომლობის ახალი მიმართულებები, გავაძლიეროთ კავშირები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ხელი შევუწყოთ საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და მდგრად გამოყენებას“, – აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

ბიომრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენცია COP17 წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, რომელზეც ქვეყნები და პარტნიორი ორგანიზაციები ბიომრავალფეროვნების დაცვის გლობალური მიზნების შესრულების პროგრესს აფასებენ და მათი განხორციელების დაჩქარების გზებზე მსჯელობენ.

Back to top button