ირაკლი ნადარეიშვილი აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ ფორუმზე გამოსვლისას: ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაკროეკონომიკური პარამეტრები ფართო რეგიონში

ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაკროეკონომიკური პარამეტრები ფართო რეგიონში და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების უმეტესობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოსთვის 6%-მდე ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა სინგაპურში აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ ფორუმზე SWITCH 2026-ზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სწრაფი ტემპით იზრდებოდა.

„2021 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალოდ წლიურად 9,3%-ით იზრდებოდა. ჩვენი ექსპორტი გაორმაგდა, ხოლო იმავე პერიოდში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საშუალოდ წლიურად ქვეყნის მშპ-ს 6,3%-ს შეადგენდა”, – განაცხადა მან.

მინისტრის მოადგილის თქმით, ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებელი შემთხვევითი არ არის და ის ასახავს საქართველოს მთავრობის მზაობას ააშენოს ღია, კონკურენტუნარიანი, ბიზნესისთვის მიმზიდველი და ბიზნესზე ორიენტირებული ეკონომიკა – ინვესტიციების მხარდაჭერისა და ხელშეწყობის, ვაჭრობის გაფართოებისა და ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების გზით.

„მინდა ყურადღება გავამახვილო საქართველოს როლზე განვითარებად „შუა დერეფანში”. თქვენ კარგად იცით, რომ ბოლო წლებში მიმდინარე გეოპოლიტიკურმა ვითარებამ მკვეთრად გაზარდა ამ დერეფნის მნიშვნელობა და მოთხოვნა მასზე, როგორც ალტერნატიულ მარშრუტზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს, კერძოდ, ჩინეთსა და ევროპას შორის საქონლისა და მომსახურების ტრანზიტისთვის. საქართველოს მდებარეობა კი ცენტრალურია ამ კარიბჭეებისთვის. ასე რომ, როდესაც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე ვსაუბრობთ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკური და ტრანზიტული როლი ამ რეგიონში”, – განაცხადა დიკუსიაზე ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მთავრობა აქტიურად იყო ჩართული ცოდნაზე დაფუძნებული და ინოვაციებზე ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებაში.

„სინამდვილეში, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვართ დღეს აქ, სინგაპურში, გამოფენა SWITCH-ზე საქართველოს პავილიონით რამდენიმე წამყვან სტარტაპთან ერთად, უბრალოდ ახალი შესაძლებლობების შესასწავლად, ამჯერად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სინგაპურში”,- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

Back to top button