
ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებს, განსაკუთრებით შსს-ს, სუს-ს სდსს-ს მინდა, მადლობა გადავუხადო იუველირული მუშაობისთვის გასული წლის 4 ოქტომბერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დამხობის მცდელობა დასრულდა წარუმატებლად და სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშავეს ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტებით.
„მე მინდა, შევეხო ასევე პოლიტიკურ მოვლენებს, რომლებიც განვითარდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. შარშან ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები ძალიან დიდი წარმატებით, არავითარი კრიტიკა ამ შემთხვევაში არ ჰქონია ოპოზიციას არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, თუმცა 4 ოქტომბერს უცხოურმა აგენტურამ დაამთხვია ხელისუფლების დამხობის მცდელობა. და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებს, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, მინდა მადლობა გადავუხადო იუველირული მუშაობისთვის გასული წლის 4 ოქტომბერს. ძალიან მძიმე პროცესები იყო და ძალიან სერიოზულად იმუშავეს პრევენციულადაც საფრთხეების აღსაკვეთად და უშუალოდ 4 ოქტომბრის დღეს, როდესაც იყო პირდაპირი შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, ღონისძიებები ჩატარდა ისე, რომ ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია. საბოლოო ჯამში, დამხობის მცდელობა დასრულდა წარუმატებლად. კიდევ ერთხელ მადლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე, ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებისთვის,”- განაცხადა პრემიერმა.