
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა ორი ქვეყნის ურთიერთობებში თვისებრივად ახალი ეტაპის დასაწყისია, რაც პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
აღინიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმები კარგ საფუძველს ქმნის სექტორული კავშირების შემდგომი განვითარებისთვის.
“ყაზახეთში ჩვენს ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ის ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობის გაძლიერების მიმართულებით. მოხარული ვართ ყაზახეთის ძლიერი წინსვლითა და პროგრესით, ეკონომიკური მიღწევებით, რეგიონულ და გლობალურ ჭრილში პოლიტიკური პოზიციების გამყარებით.
ყაზახეთი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. გილოცავთ რეფერენდუმის ჩატარებას კონსტიტუციასთან დაკავშირებით. ყაზახეთის მოდერნიზაცია, სახელმწიფო ინსტიტუციების გაძლიერება მართლაც შთამბეჭდავია და ძალიან გვახარებს მოვლენების ამგვარი განვითარება თქვენს ქვეყანაში. მოუთმენლად ველით ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას ყველა მიმართულებით. თანამშრომლობის პოლიტიკური განზომილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობას გიხდით ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, საერთაშორისო ფორმატებში კარგი თანამშრომლობისთვის.
ეკონომიკური კავშირების განვითარების კუთხით გვაქვს ძალიან პოზიტიური ტენდენციები და
დარწმუნებული ვართ, ეს ვიზიტი და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომის გაღრმავებისთვის”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ყაზახეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს მიღება მიულოცა და ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთისა და საქართველოს ურთიერთობების დინამიკური განვითარების დასტურია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს, ურთიერთნდობასა და მტკიცე პარტნიორობას. გუშინ თქვენ ნაყოფიერი შეხვედრა გამართეთ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან. ვსარგებლობ შემთხვევით და გულითადად გილოცავთ ყაზახეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს – “მეგობრობის” ორდენის მიღებას. ყაზახეთი საქართველოს მიიჩნევს სანდო მეგობრად და მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში. ასევე მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის მზარდ როლს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, შავი ზღვის რეგიონსა და ევროპას. ვაჭრობა და საინვესტიციო თანამშრომლობა ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება. მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 53 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ნათლად მიუთითებს ჩვენი ეკონომიკური პარტნიორობის მნიშვნელოვან პოტენციალზე.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყაზახეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 570 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. დღეს ყაზახეთში 600-ზე მეტი კომპანია ფუნქციონირებს ქართული მონაწილეობით, რაც მყარ საფუძველს ქმნის ბიზნესებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. საინვესტიციო აქტივობის გასაძლიერებლად გთავაზობთ, მთავრობათაშორისმა კომისიამ შეიმუშაოს კონკრეტული წინადადებები ახალი ერთობლივი პროექტების დასაწყებად და სამრეწველო თანამშრომლობის გასაფართოებლად. განსაკუთრებული ყურადღება შეიძლება დაეთმოს შემდეგ მიმართულებებს: სურსათის გადამუშავება, ნავთობქიმია, სატრანსპორტო მომსახურება, წარმოების მრეწველობა, სამშენებლო მასალები და ლოგისტიკა.
ყაზახეთის მთავრობა მზად არის, კიდევ უფრო გააღრმავოს დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან”, – განაცხადა ოლჟას ბეკტენოვმა.
საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.