თამარ იოსელიანი იტალიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი იტალიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს ედოარდო რიქსს შეხვდა. შეხვედრა თურქეთში, საზღვაო სამიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იტალიას შორის ეკონომიკური ურთიერთობის სტრატეგიული მიმართულებები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებზე. ხაზი გაესვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას რეგიონებს შორის დაკავშირებადობის გაუმჯობესების კუთხით. მათ შორის, საუბარი წარიმართა საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი საზღვაო და სატრანზიტო ჰაბის მზარდ როლზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და სექტორში განხორციელებული სტრატეგიულ პროექტებზე.

ქართულმა მხარემ ისაუბრა ინვესტიციაზე ძირითად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, მათ შორის, აქცენტი გაკეთდა ქვეყანაში პირველ ღრმაწყლოვან ნავსადგურზე ანაკლიაში, რომელიც შეძლებს PANAMAX – ის სტანდარტის საზღვაო ხომალდების მომსახურებას. გარდა ამისა, ისაუბრეს რკინიგზის მოდერნიზების, ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის, აღმოსავლეთ – დასავლეთის რკინიგზის და სხვა სტრატეგიული პროექტებთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საქართველო ამ და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის 2032 წლისთვის 7 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

მხარეებმა ასევე განიხილეს საზღვაო ტრანსპორტის სფეროში არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და ორმხრივი პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სამოქალაქო ავიაციაში. აღინიშნა, რომ დღეისათვის, საქართველოსა და იტალიას შორის 4 ავიაკომპანია ოპერირებს და ჯამურად, ავიარეისები კვირაში 18 სიხშირით სრულდება. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ მგზავრთნაკადი მზარდია და 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, იტალიასა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო გზით 59%-ით მეტი მგზავრი იქნა გადაყვანილი.

მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში.

Back to top button