კომიტეტი, რომელიც ეძღვნება დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული ვითარების შესწავლას, არაფერს ამბობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, რომელიც ამ ფასეულობების კუთხით არსებობს – ეკა სეფაშვილი

ჰააგაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე, ქართულმა მხარემ აქცენტი გლობალურ გამოწვევებზე და რეგიონის განვითარებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე გააკეთა.

სესიაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში მომზადებულ დოკუმენტში, საქართველოს მიმართ ბევრი უსამართლობა და დაუსაბუთებელი ბრალდებებია.

ამასთან, მისი თქმით, კომიტეტი, რომელიც დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე მუშაობს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ არ საუბრობს.

“რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის იმ საერთაშორისო ზეწოლის გაგრძელება, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, და როგორც ვხედავთ, ეს ზეწოლა არ შენელებულა. გარკვეული პერიოდების განმავლობაში მიეცემათ ხოლმე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თუ საერთაშორისო ფორუმების გამოყენების შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ამ შანსს ხელიდან არ უშვებენ.

ზოგადად, ვითარება სესიაზე იყო ძალიან მშვიდი, არავინ განსაკუთრებულად საქართველოს არ ახსენებდა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ კომიტეტზე, რომლის წევრიც მე ვარ, მითითება იყო “მოსკოვის მექანიზმზე” და იქ მე განცხადებაში აღვნიშნე, რომ ეს ყველაფერი ემყარება სიცრუეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის ავტორმაც კი აღიარა, რომ არ ჰქონდა დრო, მასალები სრულყოფილად მოეძიებინა, ასევე აღნიშნა, რომ გადაუმოწმებელ წყაროებს ეყრდნობა. სწორედ ამასთან დაკავშირებით მოვუწოდე წევრ ქვეყნებს და რეპორტიორს, რომ ინფორმაცია მოეძიებინათ და ობიექტურად გაეშუქებინათ საქართველოში არსებული ვითარება.

ასევე, ხაზი გავუსვი და გამოვთქვი ჩემი გაკვირვება იმასთან დაკავშირებით, რომ კომიტეტი, რომელიც ეძღვნება დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული ვითარების შესწავლას, არაფერს ამბობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც სწორედ ამ ფასეულობების კუთხით არსებობს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი ობიექტურად და სიმართლის სრული დაცვით მიმდინარეობს. აშკარაა, რომ სჭირდებათ მეტი პოლიტიკური კორექტულობის გამოჩენა, იმიტომ, რომ თავისთავად ცხადია, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია ეს ყველაფერი და ასახავს ამ გარკვეული გლობალური ინტერესების გატარების მცდელობას საქართველოს წინააღმდეგ,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Back to top button