ირაკლი კირცხალია – ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ, მე თვითონ ვუშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ამ თემაზე ჩვენს წინააღმდეგ აღიძრას საქმე

ბატონმა [გიგა] ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ. მე თვითონ ვუშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ამ თემაზე [ჩხუბზე] ჩვენს წინააღმდეგ აღიძრას საქმე, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, გახარიას პარტიის წევრებმა სამი ფაქტი მოიძიეს, სადაც პარლამენტარებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას სამართლებრივი დავა მოჰყვა.

“სულ სამი ფაქტი მოიძიეს [გახარიას პარტიის წევრებმა]. ბრიტანეთში – საპარლამენტო კორპორატიულ საღამოზე დეპუტატებმა იჩხუბეს და ერთმა მეორეს დაზიანება მიაყენა. საბერძნეთში, სადაც რეალურად მძიმე დაზიანება ჰქონდა დეპუტატს, როგორც ვიცი მოტეხილობები ჰქონდა. მესამე – სენეგალში, სადაც [პარლამენტარმა] ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა. ბატონმა [გიგა] ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ. მე თვითონ ვუშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ამ თემაზე [ჩხუბზე] ჩვენს წინააღმდეგ აღიძრას საქმე. ერთი, ტრიბუნასთან არ უტირიათ, დანარჩენი ყველაფერი გააკეთეს. პრეცედენტების მოძიებით დაამტკიცეს ის, რასაც ვამბობდით, რომ რეალურად არ არსებობს პრეცედენტი. ასობით და ათასობით ჩხუბი უნახავს მსოფლიო მასშტაბით საზოგადოებას პარლამენტში. ასე რომ, ველოდებით ცნობას“, – განაცხადა კირცხალიამ.

Back to top button