
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქემ სოფელ მატნის მიმდებარედ, მდინარე კურტანაძეულში, ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა სხვადასხვა სახეობის თევზი, მათ შორის „წითელი ნუსხით“ დაცული – მდინარის კალმახი.
ელექტროიარაღით თევზჭერა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე შსს ახმეტის რაიონულ პოლიციაში გამოძიება დაიწყო.
ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღებაც კანონით დასჯადი ქმედებაა.
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.
მოქალაქეებს შეუძლიათ სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153, სადაც თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება ხორციელდება.