საქართველოში კანადელი ღვინის პროფესიონალების ტური განხორციელდა

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და კანადის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სააგენტოს კონტრაქტორი კანადური მარკეტინგული კომპანიის „A+M Consulting & Communications“ ორგანიზებით, საქართველოში კანადელი ღვინის კომერციული სექტორისა და მედიის 10 წარმომადგენელი იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში კანადელი სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების საქმიანობას ქართლსა და კახეთში გაეცნენ; ინფორმაცია მიიღეს ქართული ღვინის 8 000-წლიან ისტორიაზე, ღვინის დაყენების ტექნოლოგიებსა და ტრადიციებზე. სტუმრებმა დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.

მსგავსი ტიპის ვიზიტები ხელს უწყობს ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას, ქართველი მწარმოებლებისა და უცხოელი ღვინის პროფესიონალების პირდაპირი საქმიანი კონტაქტების დამყარებას, რაც მნიშვნელოვანია კანადის ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციების გაძლიერებისა და ექსპორტის ზრდისთვის.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან კანადაში 203 ათას ლიტრამდე ქართული ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 5%-ით აღემატება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლებაა. ამ მიზნით, სააგენტო 2013 წლიდან, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის ხელშეწყობის ფარგლებში, მიზანმიმართულ სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს.

Back to top button