
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ელისაშვილმა ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული, ხოლო ოპოზიციის მხრიდან მისი უდანაშაულოდ შერაცხვა მიუთითებს იმაზე, რომ აგენტურის დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ არის ტერორისტული.
პრემიერის შეფასებით, საჭიროა სათანადო სამართლებრივი შეფასება და შესაბამისად, ბოლომდეა მისაყვანი ყველა ის სამართლებრივი პროცესი, რომელიც დაწყებულია.
“მე ვიცი ის, რაც ყველამ იცით, ეს ადამიანი შევიდა კონკრეტულ სახელმწიფო შენობაში და სცადა მისი დაწვა. ეს არის უმძიმესი დანაშაული და აქ საუბარი იმაზე, რომ თითქოს ადამიანი უდანაშაულოა, აჩვენებს კიდევ ერთხელ აგენტურის სახეს. ისიც ხომ ერთ-ერთი წარმომადგენელია ამ კოლექტიური ძალის. ეს ყველაფერი აჩვენებს აგენტურის სახეს და აჩვენებს რას: როდესაც ეს ადამიანები – აგენტურა, ელისაშვილის ამ ქმედებას აცხადებენ არადანაშაულებრივ ქმედებად, ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანად ამ აგენტურის განწყობა, დამოკიდებულება, სახელმწიფოს მიმართ არის ტერორისტული და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება, ამისათვის ბოლომდეა მისაყვანი ყველა ის სამართლებრივი პროცესი, რომელიც არის დაწყებული,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.