საქართველომ EUROCONTROL-ის საჰაერო სივრცის მართვის მხარდამჭერი სისტემის დანერგვის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივითა და საერთაშორისო კოორდინაციით, საქართველოში ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) საჰაერო სივრცის მართვის მხარდაჭერის ადგილობრივი და რეგიონული სისტემა – „LARA” დაინერგება.

შესაბამის შეთანხმებას ხელი საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს – შპს „საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა მოაწერეს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სისტემის დანერგვის პრაქტიკული ღონისძიებები და საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის საქმიანობის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები განიხილეს. აღინიშნა, რომ LARA-ს სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს საქართველოს საჰაერო სივრცის მართვის პროცესების ოპტიმიზაციას და სამოქალაქო და სამხედრო სექტორებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას.

LARA (Local and Sub-Regional Airspace Management Support System) არის EUROCONTROL-ის მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მიზანია საჰაერო სივრცის მართვის პროცესების ავტომატიზაცია და საჰაერო სივრცის მოქნილი გამოყენების (FUA) კონცეფციის ეფექტიანი რეალიზება. სისტემა ხელს შეუწყობს სამოქალაქო-სამხედრო საჭიროებებისთვის საჰაერო სივრცის ოპერატიულ განაწილებასა და მართვას. ამასთანავე, უზრუნველყოფს საჰაერო სივრცის მიმდინარე სტატუსის შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში გაცვლას ევროკონტროლთან, რაც აუცილებელია საჰაერო სივრცის დაგეგმარებისა და ეფექტიანი სარგებლობისთვის. პროექტი EUROCONTROL-ის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, როგორც საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე უწყება, განაგრძობს საჰაერო სივრცის მოქნილად სარგებლობის კონცეფციის დანერგვასა და განვითარებას როგორც სტრატეგიულ, ისე პრეტაქტიკურ და ტაქტიკურ დონეებზე.

Back to top button