თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გარკვეულწილად უკვე ყალიბდება ლოგისტიკურ ჰაბად, რაც შეეხება სამგზავრო მიმართულებით იგივეს განვითარებას, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს შესაძლებლობა გაჩნდეს – ალექსანდრე გაჩეჩილაძე

ყოველი ახალი მიმართულება ქმნის ახალ შესაძლებლობას ტრანზიტული ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძე. მისი თქმით, შანხაი ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია საკმაოდ დიდი მოსახლეობით და ბუნებრივია, ეს არის დამატებითი შესაძლებლობა.

„ლოგისტიკურ ჰაბად გარკვეულწილად უკვე ყალიბდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. რაც შეეხება სამგზავრო მიმართულებით იგივეს განვითარებას, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ ეს შესაძლებლობა გაჩნდეს. აკეთებს იმით, რომ აფორმებს სხვადასხვა ქვეყნებთან ლიბერალურ საავიაციო შეთანხმებებს, რომლის მიხედვითაც, როგორც ქართულ, ისე უცხო ქვეყნის კომპანიებს მარტივად შეუძლიათ ფრენების დაწყება შეუზღუდავად სხვადასხვა პუნქტებში, შეუზღუდავი სიხშირეებით. ამიტომ ჯერი უკვე არის ქართული კერძო ავიაკომპანიების კომერციულ სტრატეგიაზე და ხედვაზე, რამდენად გამოიყენებენ ისინი ამ შესაძლებლობას, იმიტომ რომ ამ რგოლში და ამ ჯაჭვში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ასევე ქართულმა ავიაკომპანიამ, რათა გამოიყენოს ის პოტენციალი, რომელიც შექმნილია საქართველოს აეროპორტების, კერძოდ თბილისის აეროპორტების სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბების კუთხით.” – განაცხადა ალექსანდრე გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, ყოველ ახალ რეისს გააჩნია მრავალმხრივი ეკონომიკური ეფექტი.

„პირველ რიგში, ტურისტული ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით, როდესაც იზრდება ქვეყანაში ტურისტული ნაკადი, ეს არის დამატებითი შემოსავალი ტურისტული კომპანიებისთვის, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესისთვის. ყოველი ახალი ავიაკომპანია ეს ნიშნავს დამატებით შემოსავალს აეროპორტებისთვის, საჰაერო ნავიგაციისთვის, რომელიც საჰაერო მოძრაობის ორგანიზებას ახორციელებს, ნიშნავს დამატებით შემოსავალს საავიაციო საწვავ გამმართველი კომპანიებისთვის, საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების ორგანიზაციებისთვის და ყველა იმ ავიასაწარმოსთვის, რომელიც პირდაპირ ან ირიბად არის ჩართული საჰაერო ხომალდების მომსახურების ან გადაყვანა-გადაზიდვის უზრუნველყოფის პროცესებში” – აცხადებს გაჩეჩილაძე.

Back to top button