მარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა – მხარეებმა პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმსჯელეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან.

შეხვედრის მთავარ თემას ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის გაფართოება, მიმდინარე ერთობლივი პროექტები და ტურისტული ნაკადების შემდგომი ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს ის მარკეტინგული და საორგანიზაციო აქტივობები, რომლებიც მიმართულია საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდისკენ. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების, სავაჭრო კავშირებისა და ტურიზმის განვითარებაში.

„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში ვიმსჯელეთ მიმდინარე საერთო აქტივობებზე, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების სიხშირეს. ასევე დავგეგმეთ არაერთი ახალი აქტივობა, რომელიც გააძლიერებს პირდაპირ ფრენებს. ჩვენი სურვილი არის მკაფიო: გვინდა, რომ არსებული კვირაში სამი სიხშირე გაიზარდოს და მალე ვიხილოთ ყოველდღიური ფრენა, მალე ვიხილოთ დღეში ორი ფრენა იმისთვის, რომ ფაქტობრივად, ყოველთვე ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა პირდაპირი რეისით შემოვიყვანოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩვენს ქვეყანაში”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთიდან მოგზაურთა ნაკადის მაქსიმალურ ზრდას და საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, პოზიციონირებას აზიის რეგიონში.

Back to top button