თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

თიბისისა და “ზეტ ტრანს ჯგუფის” პარტნიორობით, საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურას 100 ახალი სატვირთო ვაგონი შეემატა. ეს ყველაზე მსხვილი კერძო ინვესტიციაა, რომელიც ამ სექტორში განხორციელდა. პროექტის ჯამურმა საინვესტიციო მოცულობამ 7 მილიონამდე დოლარი შეადგინა, რაც სრულად თიბისის დაფინანსებულია.

ახალი ვაგონები უკვე მოძრაობს აზერბაიჯანი-საქართველოს მიმართულებით და კარბამიდის ტრანსპორტირებას ახორციელებს. ვაგონები ექსპლუატაციაში აპრილიდან შევიდა და თვეში საშუალოდ სამ-ოთხ ბრუნს ასრულებს. ამ პერიოდში ბათუმის პორტის მიმართულებით დაახლოებით 40 000 ტონა ტვირთი უკვე გადაზიდულია.

ვაგონების დამატება მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყანაში სარკინიგზო გადაზიდვების შესაძლებლობებს – პროექტი ხელს უწყობს რეგიონში არსებული სპეციალიზებული სატვირთო ვაგონების დეფიციტის შემცირებასა და ზრდის ტვირთების გამტარუნარიანობას. ასევე აძლიერებს, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყნის, როლს.

Back to top button