
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სინგაპურში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე და ქვეყნის განსაკუთრებულ როლზე დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში.
პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ მეგობრულ ბიზნესგარემოს, ლიბერალურ საგადასახადო სისტემას, პროგნოზირებად საკანონმდებლო ჩარჩოს და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რაც ხელსაყრელი პირობებია გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის.
ირაკლი კობახიძემ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებზე, ხაზი გაუსვა ფინანსური სექტორის განვითარების ტემპს და აღნიშნა, რომ ეს ყოველივე კარგ საფუძველს ქმნის ქვეყანაში ახალი ფინანსური სერვისების დანერგვისა და საქართველოსა და სინგაპურის ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
მთავრობის მეთაურმა სინგაპურის ბიზნესის წარმომადგენელთა კითხვებსაც უპასუხა.
შეხვედრაში სინგაპურის 30-მდე მსხვილი ფინტექ კომპანიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.