მედია: ბელარუსი უკრაინის საზღვართან სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას ქმნის

ბელარუსი უკრაინის საზღვართან 37-ე ცალკეულ სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას აყალიბებს. ამის შესახებ რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, ალექსანდრე ილიუკევიჩმა ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ „ВоенТВ“-ის ეთერში განაცხადა.

“ლოკაცია გომელთან ახლოს იქნება. ჩვენ უკვე დავიწყეთ სამხედრო ნაწილების ფორმირება. უკვე ჩამოყალიბებულია ერთი ბატალიონი. წელს ჩემოყალიბდება კიდევ ერთი ბატალიონი, ასევე საბრძოლო უზრუნველყოფის დანაყოფებს, სააარტილერიო, ჰაერსაწინააღმდეგო და სადაზვერვო დანაყოფებს ვქმნით.“ -აღნიშნა ილიუკევიჩმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩამოყალიბებულია რამდენიმე ნაწილი და ქვედანაყოფი, შერჩეულია ოფიცერთა შემადგენლობა და გაწვეულია პირადი შემადგენლობა. ახალი ბრიგადა გომელთან ახლოს, ბელარუს-უკრაინის საზღვრიდან 40 კილომეტრში განთავსდება.

ამჟამად ბელარუსში სამი ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა მოქმედებს: 103-ე ვიტებსკში, 38-ე ბრესტში და მე-5 მარინა-გორკაში (მინსკთან ახლოს).

Back to top button