ვახტანგ ცინცაძე: პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს S&P-ის რეიტინგში, BB დონეზე „პოზიტიური” პერსპექტივა მიენიჭა – პერსპექტივის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად რჩება

„პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს S&P-ის რეიტინგში, BB დონეზე, „პოზიტიური” პერსპექტივა მიენიჭა” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „Standard & Poor’s Global”-ის (S&P) ახლად გამოქვეყნებულ სუვერენული რეიტინგის შეფასებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან” „პოზიტიურამდე” გაუმჯობესდა.

მისი თქმით, რეიტინგის გაუმჯობესება ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად რჩება.

„სარეიტინგო კომპანია S&P-მ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან” „პოზიტიურამდე” გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა. რა თქმა უნდა, პერსპექტივის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად რჩება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სამომავლო პერსპექტივები პოზიტიურია და სარეიტინგო კომპანია ელოდება, რომ როგორც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ასევე სხვადასხვა მიმართულებით რეფორმებისა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაში გაგრძელდება”, – აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სარეიტინგო სააგენტოს ეს შეფასებები ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნეს გარემოს სანდოობაზე მიანიშნებს.

„ეს პოზიტიურად აისახება, ერთი მხრივ, ინვესტორთა, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილობრივი ბიზნესის ნდობაზე, ზოგადად, ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე და, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს იმას, რომ ფულად-საკრედიტო რესურსების მოზიდვა ქვეყნისთვის უფრო ხელმისაწვდომ ფასად და პირობებით გახდება შესაძლებელი. სარეიტინგო სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო. ასევე სარეიტინგო სააგენტო ყურადღებას ამახვილებს კომპანია Eagle Hills-ის მიერ დაგეგმილ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტზე და აღნიშნავს, რომ პროექტის განხორციელებას მნიშვნელოვანი პოზიტიური ეფექტი ექნება ეკონომიკაზე როგორც ინვესტიციების კუთხით, ასევე ზოგადად სამშენებლო სექტორის აქტივობის ზრდაზე”, – აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, სარეიტინგო სააგენტოს შეფასებაში საუბარია საერთაშორისო რეზერვების რეკორდულ დონეზე, მათ შორის აღნიშნულია, რომ რეკორდული რეზერვების დაგროვებას ხელი შეუწყო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაღალმა დონემ, საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპორტის და ზოგადად, სერვისების ექსპორტის დინამიურმა ზრდამ.

„პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს S&P-ის რეიტინგში, BB დონეზე, „პოზიტიური” პერსპექტივა მიენიჭა. საბოლოო ჯამში, ჩვენ ველოდებით, რომ შემდგომი ნაბიჯი უკვე საშუალოვადიან პერიოდში თავად რეიტინგის გაუმჯობესება იქნება და ამისთვის ყველანაირი საფუძველი არსებობს, მათ შორის, ის ეკონომიკური შედეგები, რაც საქართველოს აქვს და ის მოლოდინები და პროგნოზები, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივების კუთხით კეთდება არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან”, – აღნიშნავს ვახტანგ ცინცაძე.

Back to top button