გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

სამართალდამრღვევს სოფელ ქვენატკოცაში, სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში დაურეგისტრირებული ლენტური, ცირკული და ტორსული ტიპის სახერხი დანადგარები ჰქონდა დამონტაჟებული.

უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო დაახლოებით 11 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი და ძელაკი).

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ბუნებრივი რესურსების დაცვა და გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით მკაცრ და უწყვეტ კონტროლს ახორციელებენ. ტყით უკანონო სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არარეგისტრირებული სახერხი საამქროების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა. დეპარტამენტი პრაქტიკაში აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიურ საშუალებებს. მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) დაფიქსირებულ თითოეულ შეტყობინებაზე. გამკაცრებულია კანონმდებლობაც. შედეგად, მიმდინარე წლის 8 თვეში,  დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 1124 ფაქტი, დალუქულია 47 უკანონო სახერხი საამქრო.

Back to top button