რუსოფობია – მიზეზი, მიზანი…

ქვეყანაში, რომლის 20 პროცენტი რუსეთს აგერ უკვე 18 წელია ოკუპირებული აქვს, რუსოფობიული პროპაგანდის აქტორებმა სულ რაღაც ოთხიოდე წლის წინ აღმოაჩინეს, რომ რუსეთი აგრესორია. პროპაგანდის აქტორები  მართალია, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდნენ, მაგრამ გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ მათი უფრო და უფრო ხისტი ქმედებები მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომითაა გამოწვეული, რასაც ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ რუსოფობიული აქტივობები განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზარდა.

სანამ ამ მოვლენის დამატებით სავარაუდო მიზეზებზე გადავალთ, მკითხველს მცირე ისტორიულ ექსკურსს კიდევ ერთხელ შევთავაზებთ:

2008 წლის 8 აგვისტო – რუსეთის შეიარაღებული ძალები შემოდიან საქართველოში, იკავებენ ქალაქ გორს, ფოთს, სენაკს, კოდორის ხეობას, ბომბავენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით ობიექტებს, ბომბავენ სამხედრო აეროდრომების ასაფრენ ზოლებს, ფოთში ანადგურებენ და ძირავენ სასაზღვრო ძალების კატარღებს და ა.შ;

2008 წლის 27 აგვისტო – რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ გამოცხადებას;

2008 წლის აგვისტო – საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ოფიციალურად აცხადებს ოკუპანტად, ხოლო აფხაზეთსა და სამაჩაბლოში განლაგებულ რუსულ სამხედრო ძალებს საოკუპაციო ძალებად. აგრეთვე, წყვეტს რუსეთთან ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობას;

2011 წლის 9 ნოემბერს, ჟენევაში,საქართველომ და რუსეთმა, შვეიცარიის შუამავლობით, ხელი მოაწერეს შეთანხმებას საბაჟო ადმინისტრირებისა და სავაჭრო საქონლის მონიტორინგის შესახებ, რომლითაც საქართველომ გზა გაუხსნა რუსეთს, გაწევრიანებულიყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.

2012 წლის 28 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება რუსეთთან სავიზო რეჟიმს ცალმხრივად აუქმებს. მაშინ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს სიძლიერის ნიშანი იყო და არა სისუსტის“. მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლის დაშვება საქართველოს აძლევდა შესაძლებლობას, „რუსეთის მოქალაქეებამდე და საზოგადოებამდე მიეტანა საქართველოს პოზიცია და სიმართლე“.

2012 წლის 2 მარტს სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება იყო „დამატებითი საშუალება საქართველოს ინტერესების დასაცავად“, და არა რუსეთის ხელისუფლებასთან პოლიტიკური დათმობა.

უკვე 2012 წლის აპრილში კი, მიხეილ სააკაშვილი ლარსის საბაჟოზე რუსეთიდან შემოსულ ტურისტებს პირადად დახვდა.

რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან რამდენიმე თვეში, 2008 წლის 30 დეკემბერს  საქართველოს მთავრობამ რუსულ კომპანია Inter RAO-სთან ხელი მოაწერა მემორანდუმს ენგურჰესის ერთობლივი მართვის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია რუსულ პრესაში იმავე წლის 31 დეკემბერს გავრცელდა, ხოლო 2009 წლის 12 იანვარს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ალექსანდრე ხეთაგური იძულებული გახდა ფაქტი ეღიარებინა;

2011 წლის 1-ელ აპრილს საქართველოს ხელისუფლებასა და იგივე Inter RAO-ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც რუსული კომპანიის მფლობელობაში გადავიდა ხრამჰესი 1 და ხრამჰესი 2.

აღსანიშნავია, რომ მანამ, რუსულ კომპანიას აღნიშნული ენერგოობიექტები მხოლოდ მართვის უფლებით, 25 წლის ვადით ჰქონდა გადაცემული.

ყოველივე ეს და კიდევ უამრავი სხვა ფაქტი მოწმობს, რომ მიუხედავად 2008 წლის ოკუპაციისა, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებითვის რუსეთი ოკუპანტთან არ ასოცირდებოდა და უფრო მეტიც, ყველაფერს აკეთებდა კრემლთან ურთიერთობის დათბობისთვის. ამის დასტურია თუნდაც გრიგოლ ვაშაძის წერილი, რომელიც რუსულ მხარეს მოსკოვში ქართული კულტურის დღეების ჩატარების ინიციატივით მიმართავს და ა.შ.

მაშ რა შეიცვალა 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წლის, ანუ უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემდეგ?

პრაქტიკულად არაფერი, გარდა იმისა, რომ ძალები, რომლებიც თავს მედასავლეთეებს უწოდებენ და რომელთა დიდი ნაწილი სწორედ დასავლურ ღირებულებებს აზიანებს საქართველოში, მკვეთრად გააქტიურდნენ ანტირუსული კამპანიის მიმართულებით, თუმცა ეს კამპანია თავიდან ძირითადად მხოლოდ ლოკალური მცირერიცხოვანი აქციებითა „რუსული ხომალდის“ გადამისამართებით გამოიხატებოდა. ბოლო ორი წლის, განსაკუთრებით კი მიმდინარე წლის განმავლობაში, საქართველოში რუსოფობიული პროპაგანდის მკვეთრად ხისტ გამოვლინებებს ვხედავთ, რისი მიზეზიც მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომში არ უნდა ვეძებოთ.

ხელისუფლების მიერ აღნიშნულ თემაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ, ნაციონალური მმართველობის დროინდელმა ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა პრაქტიკულად პირდაპირ მიანიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივი უვიზო რეჟიმის დაწესება დასავლეთის მოთხოვნა იყო, ვინაიდან ამას საქართველოს ეკონომიკა საჭიროებდაო.

ცნობილია, რომ 2008 აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ დასავლეთისგან 4 მილიარდი მიიღო, მათ შორის 2 მილიარდი გრანტის სახით. (სამწუხაროდ, დღემდე არ არის შესწავლილი და გამოძიებული ამ თანხის ხარჯვის მართლზომიერება)

იმ პერიოდში, როდესაც ეს 4 მილიარდი უკვე გახარჯული და ათვისებული იყო, საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელი ვარდნის შეჩერება მხოლოდ ორი რამით იყო შესაძლებელი – განმეორებითი დონაცია დასავლეთიდან ან რუსი ტურისტებისთვის საზღვრის გახსნა.

როგორც ჩანს, დასავლეთმა ფინანსური რესურსის გაღებას მეორე გზა ამჯობინა და სწორედ ამიტომ მისცა სააკაშვილის ხელისუფლებას რუსეთთან უვიზო მიმოსვლის ცალმხრივად შემოღების რეკომენდაცია, რაც, როგორც აღვნიშნეთ, სააკაშვილმა „საქართველოს სიძლიერის“ გამოხატულებად მიჰყიდა საზოგადოებას.

ანუ ფაქტორი, რომ უვიზო მიმოსვლას და რუსული გასაღების ბაზარს საქართველოს ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, დასავლეთისთვის ძალიან კარგადაა ცნობილი. შესაბამისად, როგორც აღვნიშნეთ, ბოლო პერიოდში საქართველოში რუსოფობიური პროპაგანდის აქტორების გააქტიურების მიზეზი მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი არ უნდა იყოს და ამას ბევრად უფრო ღრმა, შორსმიმავალი და საფრთხისშემცველი საფუძვლები აქვს.

საქართველოში ბოლო პერიოდში რუსოფობიური მოძრაობის გააქტიურების ორი მნიშვნელოვანი მიზეზი შეიძლება გამოვყოთ: 1 – ეკონომიკური; 2 – პოლიტიკური.

1 – ეკონომიკური ფაქტორი: საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება და ქვეყანა ამ მხრივ ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ კონტინენტზე. ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომლების საქართველოს ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ პროგნოზებს დებენ და ხშირ შემთხვევაში ამ პროგნოზებს რეალობა აჭარბებს ხოლმე.

აგრეთვე ცნობილია, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტურიზმი და ზოგადად, სტუმარ-მასპინძლობის მიმართულება. დიდწილად, სწორედ ტურიზმის დამსახურებაა ის, რომ ქვეყნის ეროვნული ვალუტა დღითიდღე მყარდება და ეს იმ ფონზე, როდესაც ეროვნული ბანკი საერეთაშორისო სავალურო რეზერვებს პერმანენტულად ზრდის და ყოველი თვის ბოლოს ეს მაჩვენებელი ახალ-ახალ რეკორდულ ნიშნულს აღწევს.

ბოლო მონაცემებით, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები 404,6 მილიონი დოლარით გაიზარდა და ახალ რეკორდულ მაჩვენებელს – 7,53 მილიარდ დოლარს მიაღწია.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა გასული წლის დეკემბრის თვეში, როდესაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების შესავსებად დოლარის შესყიდვა განახორციელა, მაშინ როცა, ზამთრის პერიოდში, როგორც წესი, სავალუტო რეზერვები პირიქით გაედინებოდა ეროვნული ვალუტის კურსის შესანარჩუნებლად.

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ეკონომიკის ზრდა და ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობა დიდწილად სწორედ სტუმარ-მასპინძლობის სექტორის დატვირთულობითაა განპირობებული, ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება კი მისი დამოუკიდებლობის ხარისხს ამაღლებს. შესაბამისად, სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებაა ის ფაქტორი, რაც სავარაუდოდ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს მოსვენებას უკარგავს, ვინაიდან ფინანსურად დამოკიდებული ქვეყანა რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მარტივად გამოსაყენებელია გლობალური ან/და რეგიონული პოლიტიკური მიზნებისთვის.

გარდა ამისა, რუსოფობიის ერთ-ერთი მიზანი არის შიდა პოლიტიკური რყევები და არასტაბილურობა, რისი ყველაზე მარტივი გზა ეკონომიკის ჩამოშლა და შემდეგ უკმაყოფილო მასებზე ზემოქმედებაა.

რომ წარმოვიდგინოთ საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის სექტორის შესუსტება, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას: გარდა ეროვნული ვალუტის დევალვაციისა, ეს პირდაპირ აისახება ქვეყნის მოსახლეობაზე, მათზე ვინც ამ სექტორში არის დასაქმებული, დაწყებული მსხვილი თუ საოჯახო სასტუმროების ბიზნესით, გაგრძელებული კვების, ტრანსპორტისა და სხვა, დიდი თუ მცირე ბიზნესით დამთავრებული. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მსგავსი ბიზნესით დაკავებული ადამიანების უმრავლესობა საქმიანობას საბანკო კრედიტებით ეწევა, ადვილი წარმოსადგენია რა მოხდება, თუ ისინი სტუმრებს ვერ მოემსახურებიან.

აქედან გამომდინარე, ბოლო პერიოდში აგორებული რუსოფობიის ტალღა არანაირად არაა პატრიოტიზმის გამოვლინება, როგორც ეს გარკვეულ ძალებს სურთ შეფუთონ, უფრო მეტიც, რუსოფობია თავისი არსით შეფარული ქართველოფობიაა, ვინაიდან მსგავსი აგრესიული ტალღა, წარმატების შემთხვევაში, პირდაპირ ნიშნავს მოსახლეობის  დიდი ნაწილის შემოსავლების დაკარგვას და დიდი თუ მცირე ბიზნესების დახურვას, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ძალიან მძიმე იქნება როგორც ზოგადად ეკონომიკისთვის, ასევე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის.

2 – პოლიტიკური ფაქტორი: რუსოფობიის მეორე მზაკვრული მიზანი პოლიტიკური ვითარების დამძიმებაა, რაც ასევე კატასტროფული შედეგებით შეიძლება დასრულდეს ქვეყნის განვითარების გზაზე.

ხელოვნური რუსოფობიით გარკვეული ძალები ცდილობენ მიაღწიონ იმას, რომ რუსეთში რეალური ქართველოფობიური განწყობა გაღვივდეს. გასათვალისწინებელია, რომ რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს, რომელთა წილი საქართველოში შემოდინებული ფულადი გზავნილების მოცულობაში წლების განმავლობაში ყველაზე დიდი იყო.

იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული ძალები მიაღწევენ იმას, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ისედაც მყიფე პოლიტიკური ურთიერთობა გააუარესონ (საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკურად მყიფე ურთიერთობა იარსებებს მანამ, სანამ სამაჩაბლო და აფხაზეთი ოკუპირებულია), ეს მინიმუმ ნიშნავს იმას, რომ ქართული პროდუქციისთვის რუსეთის გასაღების ბაზარი დაიკეტება, შეიზღუდება ფულადი გზავნილები და ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან იქ  მყოფი ჩვენი თანამემამულეები, რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოს ეკონომიკაზე.

რაც შეეხება მაქსიმუმს, რაც შეიძლება იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ ეს ძალები რუსეთთან პოლიტიკური ვითარების გამწვავებას მიაღწევენ, ეს მაქსიმუმი სამწუხაროდ 18 წლის წინ უკვე ვიხილეთ.

შესაბამისად, ტალღა, რომლის აგორებასაც ბოლო პერიოდში გულმოდგინედ ცდილობენ, მნიშვნელოვანი გამოწვევაა არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, გამოწვევაა საზოგადოებისთვისაც და ყველაზე უკეთესი იქნება, თუ მას კოორდინირებული  პასუხი გაეცემა მათ შორის საზოგადოების მხრიდან.

 

სარედაქციო სტატია

Newspress.ge 2026 ©

Back to top button