მარტა კოსი: ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ

ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის MAGA-ს (გახდეს ამერიკა უფრო დიადი) მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ევროკავშირის წევრობა შეძლონ, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა.

„ჩვენ არ უნდა გავრისკოთ, რომ მომავალმა წევრმა ქვეყნებმა სხვებზე ისეთი დამოკიდებულებები ჩამოაყალიბონ, რომლებიც ჩვენს გრძელვადიან ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა კოსმა.

მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოების პროცესში ისტორიაში პირველად არიან მოწინააღმდეგეები. კითხვაზე, ვინ არიან ევროკავშირის ეს „მოწინააღმდეგეები“, კოსმა უპასუხა: „ცხადია, რუსეთი ერთ-ერთი მათგანია“.

თუმცა, ევროკომისრის განცხადებით, ევროკავშირი ასევე განიცდის „ზეწოლას დასავლეთიდან – MAGA-ს იდეოლოგებისგან, რომლებიც ცდილობენ ევროპელების დარწმუნებას, რომ „ევროპული ცივილიზაცია დაღმასვლას განიცდის, ჩვენი ეკონომიკა დაღმასვლას განიცდის და ჩვენ არ გვაქვს სათანადო დემოკრატია“.

ევროკომისრის შეფასებით, ჩინეთი „განსხვავებული შემთხვევაა“. კოსის განცხადებით, ჩინეთი ამ მიმართულებით განსხვავებულად მოქმედებს და ამ ეტაპზე ევროკავშირი მისგან რუსეთის მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიების ნიშნებს ვერ ხედავს.

მისივე თქმით, ჩინეთი კანდიდატ ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას ცდილობს, რათა ევროკავშირში მათი გაწევრიანების შემდეგ ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.

Back to top button