
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ნიკა გვარამიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთი არ უყვართ, ისინი ამჟამად „მტრები“ არიან და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება კონფლიქტის მოგვარებასაც შეუწყობს ხელს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ანჯაფარიძე წერს, გვარამიას განცხადება, გია ბარამიძის მიერ გაკეთებული პროვოკაციული განცხადებების გაგრძელებაა და საზოგადოებაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დათმობის იდეის დამკვიდრებას ემსახურება.
მისივე შეფასებით, არაა გამორიცხული, რომ საქართველოს საზოგადოებრივ ცნობიერებაში აფხაზეთის და ცხინვალის დათმობის თესლის ჩაგდება გარედან დაგეგმილი სქემა იყოს, ხოლო აქაური აგენტურის მეშვეობით, ამ თესლზე წყლის დასხმა შესაბამისი განცხადებებით – საზოგადოებრივი აზრის მოსინჯვა და დამუშავება.
„ერთი „ნაცის“ გია ბარამიძის პროვოკაციის გაგრძელება არის მეორე „ნაცის“ ნიკა გვარამიას განცხადება, რომ აფხაზებს და ქართველებს ერთმანეთი არ უყვართ და ამიტომ თურმე აფხაზეთი უნდა დავთმოთო. ალბათ იმავეს ფიქრობს ცხინვალზეც, თან დააყოლა მისი აზრით „წყალგაუმტარი არგუმენტი“, რომ ასე უფრო მარტივად მიგვიღებენ ევროკავშირშიო.
უფრო ადრე, კიდევ ერთმა უცხოური გავლენის აგენტმა სალომე ზურაბიშვილმა აფხაზეთი საქართველოს სხეულზე არსებულ განგრენას შეადარა. განგრენოზული ნაწილი კი ბუნებრივია მოკვეთას ექვემდებარება და გასაგებია რაც იგულისხმებოდა ამაში. კიდევ უფრო ადრე, „მთავარი ნაცი“ სააკაშვილი ცხინვალსა და აფხაზეთს დაკარგულ ორ სოფელს უწოდებდა და დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა.
გვარამიას განცხადება იყო პირველი საჯარო განცხადება, როდესაც საქართველოს მიერ სეპარატისტული ტერიტორიების დათმობა ასე პირდაპირ დაუკავშირეს ევროინტეგრაციის პერსპექტივას. საიდან მოდის ეს იდეა და ეს ნარატივი? და რატომ ალაპარაკდა ამაზე გვარამია სწორედ ახლა?
ადრეც ვთქვი და ახლაც ვიტყვი, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა-აღიარების ფონზე, ევროკავშირის პოლიტიკურ კულუარებში საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებებთან მიმდინარეობდა ნიადაგის მოსინჯვა, ხომ არ იტყოდა საქართველო უარს ცხინვალსა და აფხაზეთზე, ევროინტეგრაციის დაჩქარების და სხვა ევრობენეფიტების სანაცვლოდ? დაახლოებით ასეთივე სიტუაციაა სერბეთთან პირდაპირ აღიარებას არა, მაგრამ ირიბად სთავაზობენ „კოსოვოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციას“.
არაა გამორიცხული, რომ საქართველოს საზოგადოებრივ ცნობიერებაში აფხაზეთის და ცხინვალის დათმობის თესლის ჩაგდება გარედან დაგეგმილი სქემა იყოს. ხოლო აქაური აგენტურის (ბარამიძე, გვარამია და ა.შ.) მეშვეობით ამ თესლზე წყლის დასხმა შესაბამისი განცხადებებით – საზოგადოებრივი აზრის მოსინჯვა და დამუშავება.
P.S. ასე იგეგმება ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაციები. ჯერ სიტყვა… მერე მედია გაშუქება, მერე საზოგადოების რეაქცია…“, – წერს ანჯაფარიძე.