
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე „Karakterre“ ქართული ღვინის 13 მწარმოებლის 26 სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი.
„Karakterre“ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ღვინის ფესტივალია, რომელიც ორგანული, ბიოდინამიკური და ბუნებრივი ღვინის მწარმოებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აერთიანებს და ყოველწლიურად ნიუ-იორკსა და ავსტრიის ისტორიულ ადგილებში იმართება.
ღვინის მწარმოებლები წელს, ფესტივალში, მსოფლიოს 15 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. ათასობით სტუმარს შესაძლებლობა მიეცა, სხვადასხვა ქვეყნის ღვინოებთან ერთად, ქართული ღვინოებიც დაეგემოვნებინა, რაც უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარიზაციის ზრდისთვის.
ფესტივალის ფარგლებში, ღვინის კომერციული სექტორის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის მასტერკლასიც გაიმართა.
გამოცემა „Wine Spectator“-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ნიუ-იორკში, ასევე, ქართული ღვინის დეგუსტაცია – „FeastGala NY“ გაიმართა.
ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, „Colangelo & Partners“ აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას 2022 წლიდან უძღვება. კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში იმართება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ქართული ღვინო ასევე, წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე. მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას.
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში დაახლოებით 750 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება.