ირაკლი ნადარეიშვილი შანხაის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (CIIE 2026) ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPIT Shanghai) თავმჯდომარის მოადგილეს იანგ ტუნგშენგს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კავშირების გაძლიერებასა და ქართული კომპანიებისთვის ჩინეთის ბაზარზე თანამშრომლობის შესაძლებლობების გაფართოებას.

CCPIT Shanghai 1956 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას უწყობს ხელს. საბჭო უზრუნველყოფს ჩინურ და უცხოურ ბიზნესწრეებს შორის კავშირების დამყარებას, საერთაშორისო გამოფენებისა და საქმიანი ღონისძიებების ორგანიზებასა და კომპანიების საკონსულტაციო მხარდაჭერას.

CCPIT Shanghai-სთან თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის ქართულ და ჩინურ ბიზნესწრეებს შორის კავშირების გასაძლიერებლად. ორგანიზაციის საერთაშორისო გამოცდილება და ბიზნესკავშირები ხელს შეუწყობს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

Back to top button