
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, რომელიც შანხაიში იმყოფება და ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობს, ჩინური კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრის მოადგილემ ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო და ლოგისტიკური ჰოლდინგის Bailian Group – ის ვიცე-პრეზიდენტ ში სიაოლუნგთან შეხვედრაზე ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის საკითხი განიხილა.
ირაკლი ნადარეიშვილი შეხვდა ასევე კომპანია Orient International Group-ის წარმომადგენლებს, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის, ლოგისტიკის, ტექსტილისა და წარმოების მიმართულებით საქმიანობს. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე დისტრიბუციის შესაძლებლობები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში ტექსტილისა და ტანსაცმლის წარმოების სფეროში შესაძლო საინვესტიციო თანამშრომლობაზე.
შეხვედრებში მონაწილეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარე მიხეილ ხიდურელი.