
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციაში (COP31) იღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ანტალიის ლიდერთა სამიტის ოფიციალურ გახსნით სესიას დაესწრო. სესიაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზე.
„დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა კლიმატის ცვლილებაა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი ტიპის ღონისძიებები. მისი მასშტაბურობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად დიდი გამოწვევაა ეს საკითხი და რამდენად მაღალია მის მიმართ მსოფლიოს ინტერესი. ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია 2035 წლისთვის აღებული ვალდებულება სათბურის აირების ემისიების 50%-ით შემცირების შესახებ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმ პროცესისა, რომელიც საბოლოო ჯამში, მასშტაბურ რეფორმებს ითვალისწინებს და ამ მიმართულებით საქართველო საკმაოდ წინ არის წასული. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისას სწორედ იმ მიღწევებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესახებ ისაუბრებს, რომელიც კლიმატის ცვლილების მიმართულებით, საქართველოს აქვს აღებული“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
COP31 9-20 ნოემბერს, ქალაქ ანტალიაში იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მთავრობის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კლიმატის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ მხარეებს აერთიანებს. კონფერენციის მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალური ძალისხმევის გაძლიერება, პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.
კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კლიმატის ცვლილების შერბილებას, ადაპტაციას, კლიმატის დაფინანსებას, სუფთა ენერგიაზე გადასვლას, სურსათის უსაფრთხოებასა და ზღვისა და ოკეანის ეკოსისტემების მდგრადობას.
საქართველოსთვის COP31-ში მონაწილეობა მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების მიმართულებით ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებისა და მიღწეული პროგრესის წარმოსაჩენად, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
საქართველომ 2026 წლის 25 მარტს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC 3.0) მესამე ციკლის დოკუმენტი დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, ქვეყანა იღებს ვალდებულებას, 2030 წლისთვის სათბურის აირების წმინდა ემისიები 1990 წლის დონესთან შედარებით 47%-ით, ხოლო 2035 წლისთვის 50%-ით შეამციროს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს კლიმატმედეგი განვითარების ხელშეწყობასა და სხვადასხვა სექტორში ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერებას.
ქართული მხარის პრიორიტეტებს შორისაა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაფინანსების ხელმისაწვდომობა, კლიმატური ტექნოლოგიების განვითარება, სოფლის მეურნეობის, მათ შორის მევენახეობის, კლიმატური მდგრადობის გაძლიერება და კლიმატური პროექტების განსახორციელებლად საერთაშორისო ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მოზიდვა.