
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაზა ბიბილაშვილის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, მიიჩნევს თუ არა მოსარჩელე მხარე, რომ 1633 რეზოლუციისთვის მხარის დაჭერა იყო შეცდომა ან სახელმწიფო ინტერესების ღალატი.
გორდულაძე აღნიშნავს, ის რომ რუსეთი ოკუპანტია, სამართლებრივად დადასტურებულია არა 1633 რეზოლუციით, არამედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით.
მისივე თქმით, რომ არა სახელმწიფო უწყებების ეფექტური მუშაობა წარდგენილი არ იქნებოდა მთავარი მტკიცებულება და არსებობდა რისკი, რომ საქართველო სტრასბურგის სასამართლოში დამარცხებულიყო.
„ის, რომ რუსეთი ოკუპანტია ეს სამართლებრივად დადასტურებულია არა 1633 რეზოლუციით, არამედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. იმ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადაც რუსეთის ფედერაცია 1633 რეზოლუციას საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად იყენებდა და კონკრეტულად მიუთითებდა მე-5, მე-6 პუნქტებთან დაკავშირებით.
ამ იმ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელი სასამართლოშიც, შს სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთობლივად რომ არ ემუშავათ ის უმთავრესი მტკიცებულება, რომელსაც ჰქვია ისკანდერის ნაწილები, ანუ, რუსეთის მხრიდან კასეტური ბომბის სროლის დამადასტურებელი მთავარი მტკიცებულება, რომელიც საქართველოში არ იყო, იყო უცხოეთში ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე, არ იყო წარდგენილი. შესაბამისად, ეს უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება წარდგენილი არ იქნებოდა. არსებობდა უდიდესი რისკი იმისა, რომ საქართველო დამარცხებულიყო სტრასბურგის სასამართლოში.
ზაზა ბიბილაშვილი საუბრობდა, რომ თურმე 1633 რეზოლუციით ფაქტები არის დადგენილი. ის ფაქტები, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს გარანტირებული, ის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისოდ, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტიდან და მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა გაეროს წევრი.
შესაბამისად, არათუ 57, არამედ გაეროს ყველა წევრი, რამდენიმეს გარდა, რომელზედაც ვმუშაობთ, არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე ერთ-ერთთან დაკავშირებით უკვე მიღებული არის გადაწყვეტილება, ისევ და ისევ ჩვენი ხელისუფლების ჩართულობით, რომ მან ცნოს და ცნო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, აღიარებული და დამტკიცებულია. ეს 1633 რეზოლუციის დამსახურება კი არაა, არამედ იმის, რომ საქართველო არის ერთიანი, სუვერენული სახელმწიფო“, – განაცხადა გორდულაძემ.