სამხედროებმა, პოლიციელებმა, სამოქალაქო პირებმა ჩაიდინეს უდიდესი გმირობა ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნისდა ჩვენი მოსახლეობის დასაცავად. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრით მათი გმირობის, მათი ხსოვნის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორში განაცხადა, სადაც, რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს დღე გვახსენებს იმას, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც მოდიან ხელისუფლებაში, რომლებსაც ეძლევათ ხალხისგან ნდობა და მანდატი, გამოიყენონ კეთილგონივრულად, არ გამოიყენონ ეს ნდობა და მანდატი ბოროტად.
„ამას ვამბობ იმიტომ, რომ ხშირად, პოლიტიკოსებს გვავიწყდება ჩვენი მთავარი ვალდებულება-ხელისუფლების მთავარი ვალდებულებაა ჩვენი ქვეყნის და ხალხის დაცვა ნებისმიერი კრიზისისგან, ომისგან, პირველ რიგში, რაც მთავარია და ასევე რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ამას თუ ვერ ახერხებს ხელისუფლება, ის ხელისუფლება ვეღარ იქნება ხალხის რჩეული და ასეც მოხდა სამწუხაროდ. ეს გაკვეთილებია, ეს ჩვენი ტკივილია, ჩვენი ტრაგედიაა, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა. ჩვენ მშვიდად, გონივრულად, პრაგმატული პოლიტიკით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მივაღწიოთ, ერთის მხრივ, ქვეყნის დეოკუპაციას, ქვეყნის შიგნით გაძლიერებას, ხალხის გაერთიანებას და საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას. ღმერთმა ინებოს, ეს დღე მალე დადგეს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.