საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ და უმრავლესობის წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ტიტებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 9 აპრილი შეგვახსენებს, რამდენად ძვირფასია თავისუფლება.
„დღეს პატივი მივაგეთ 9 აპრილს დაღუპულ გმირებს და მათ ხსოვნას. ეს არის პირველ რიგში, ტრაგიკული დღე, რომელიც ყველას მძიმედ გვახსოვს. გარდა ამისა, ეს დღე შეგვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება და რომ თავისუფლებას ყოველდღიური მოფრთხილება და ზრუნვა სჭირდება. ამ გმირების წინაშე და მათი ხსოვნის წინაშე ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ მათ მონაპოვარს – ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა.