,,როდესაც საქართველოს მოსახლეობა ხედავს, რომ დასავლეთში ასე აფასებენ სააკაშვილის მმართველობის წლებს, მოქალაქეთა დიდ ნაწილს უჩნდება დასავლეთის მიუღებლობის განცდა” – წერს ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
როგორც კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს, საქმე ის არის, რომ ამ ხალხმა საკუთარ თავზე გადაიტანა სააკაშვილის ანტიდემოკრატიული მმართველობის წლების სისასტიკე და რაც დასალეთისთვის „დემოკრატიის შუქურად“ იწოდება, მას ჩვენი მოქლაქეების უმრავლესობამ „სისხლიან 9 წელი“ დაარქვა და ასეთად შევა ის საქართველოს ისტორიაში.
,,ბარიერი საქართველოსა და დასავლეთს შორის ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში წერილი მოიწერა – სააკაშვილი სასწრაფოდ გადაიყვანეთ სამკურნალოდ ევროპის რომელიმე ქვეყანაშიო. უკრაინის, პოლონეთის და ზოგადად, დასავლეთის ხელისუფლებების წარმომადგენლებისგანაც ხშირად გვესმის სააკაშვილის მიმართ მზრუნველი და გულშემატკივრული განცხადებები. ამას ემატება ზოგიერთი ევროპარლამენტარის აქტიური პრო-ნაცისტური პოზიციები, რაც მთლიანობაში ქმნის სურათს, რომ თითქოს სააკაშვილის მმართველობა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან შედარებით გაცილებით დემოკრატიული და პროდასავლური იყო.
მართალია, ნაცების, განაცებული პოლიტიკოსების და ქართული პარტიული ტელევიზიების პიარ აქტივობები ამ შთაბეჭდილების შექმნას ცდილობენ, მაგრამ სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ და ვთქვთ, რომ დასავლეთში თუ ვინმეს რამე გაუგია საქართველოზე ან დაინტერესებულა მისი შიდა პოლიტიკური მდგომარეობით, ძირითადად დომინირებს აზრი მასზე, როგორც რეფორმატორ, დემოკრატ და პროდასავლურ ლიდერზე და აქედან გამომდინარე, მის “მდევნელ” დღევანდელ ხელისუფლებაზე ყალიბდება უარყოფითი დამოკიდებულება.
როდესაც საქართველოს მოსახლეობა ხედავს, რომ დასავლეთში ასე აფასებენ სააკაშვილის მმართველობის წლებს, მოქალაქეთა დიდ ნაწილს უჩნდება დასავლეთის მიუღებლობის განცდა. საქმე ის არის, რომ ამ ხალხმა საკუთარ თავზე გადაიტანა სააკაშვილის ანტიდემოკრატიული მმართველობის წლების სისასტიკე და რაც დასალეთისთვის „დემოკრატიის შუქურად“ იწოდება, მას ჩვენი მოქლაქეების უმრავლესობამ „სისხლიან 9 წელი“ დაარქვა და ასეთად შევა ის საქართველოს ისტორიაში.
9 წლიანი რეჟიმგამოვლილები ფიქრობენ, რომ თუ დასავლეთი სააკაშვილის მმართველობის ბოლშევიკურ ფორმებსა და მეთოდებს „დემოკრატიულად და პროდასავლურად“ აფასებს, მაშინ ჩვენთვის მიუღებელია დემოკრატიის და დასავლურობის ასეთი გაგება.
დასავლეთში თუ დღესაც იწონებენ სააკაშვილის ხელისუფლების დამოკიდებულებას ადამიანის უფლებებისადმი, კერძო საკუთრებისადმი, პატიმრებისადმი, მედიისადმი, არჩევნებისადმი, პოლიტიკური ოპონენტებისადმი, მართლმსაჯულებისადმი, პიროვნების კულტის შექმნისადმი და ა. შ., თუ დღესაც გულშემატკივრობენ სააკაშვილის რეჟიმის რეაბილიტაციას და ლეგიტიმაციას, გამოდის, რომ დასავლეთი ხელს უწყობს ასეთი რეჟიმის მობრუნებას საქართველოს ხელისუფლებაში.
ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობისთვის ამ ღირებულებებზე დამყარებული დასავლეთი მიუღებელი ხდება.
როდესაც საქართველოში ხედავენ, რომ სააკაშვილის გულშემატკივარ უცხოელ პოლიტიკოსებს მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებთ და საერთოდ არ აინტერესებთ ქართველი ხალხის დამოკიდებულება მათ ფავორიტ ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ ლიდერზე, ეს განწყობები გადადის ზოგადად დასავლეთისადმი. რიგითი ქართველი მოქალაქე ფიქრობს: ან მართლაც სააკაშვილის მმართველობის ფორმები და მეთოდები წარმოადგენს დასავლურ ღირებულებებს და ამიტომ გულშემატკივრობენ მას დასავლური ქვეყნების ლიდერები, ან ისინი კარგად ხედავენ სააკაშვილის პოლიტიკის ანტიდემოკრატიულ ბუნებას, მაგრამ მათთვის სამართალი და ადამიანის უფლებები მხოლოდ ლოზუნგებია და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესების (რუსეთთან მკვეთრი და აგრესიული დაპირისპირების) გამო სჭირდებათ სააკაშვილისნაირი მმართველი საქართველოში.
არც ერთი და არც მეორე შემთხვევაში ასეთი დასავლეთი ქართველი კაცისთვის მისაღები არ არის. ამიტომ დღეს სააკაშვილი წარმოადგენს გადაულახავ ბარიერს საქართველოს საზოგადოებასა და დასავლეთს შორის და ასე იქნება მანამ, სანამ დასავლეთი არ შეწყვეტს სააკაშვილის მხარდაჭერის აშკარა თუ ფარული პოლიტიკის განხორციელებას, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკა ასე იქნება აღქმული საქართველოს მოქალქეთა მიერ” – წერს ნანა კაკაბაძე facebook -ზე.