მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის მიღებით საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის კიდევ ახალ ეტაპზე გადადის

ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის მიღებით საქართველო გადადის ევროკავშირთან ურთიერთობის კიდევ ახალ ეტაპზე, რომლითაც ერთგვარად შევაფასებთ იმ პროგრესს, რასაც უკვე მიაღწია საქართველომ ამ პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო კითხვარი ოფიციალურად მომავალი კვირის დასაწყისში გადაეცემა.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ ევროკომისიამ უკვე მოამზადა კითხვარი საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკისთვის, რომელიც ოფიციალურად გადმოგვეცემა მომავალი კვირის დასაწყისში. ჩვენ მოველით კითხვარს, რომლის შემდეგაც დავიწყებთ მის შევსებას. კითხვარის მიღებით საქართველო გადადის ევროკავშირთან ურთიერთობის კიდევ ახალ ეტაპზე, რომლითაც ერთგვარად შევაფასებთ იმ პროგრესს, რასაც უკვე მიაღწია საქართველომ ამ პროცესში. 2014 წლიდან საქართველო ასრულებს ასოცირების შეთანხმებას. ძალიან ბევრი წარმატებული რეფორმა უკვე გატარდა, რაც ძალიან კარგ საფუძველს გვაძლევს იმისთვის, რომ ველოდოთ პოზიტიურ, დადებით გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან, რომელიც იქნება უკვე ჩვენს კითხვარზე დაფუძნებული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Back to top button