მოგესალმებით პატივცემული სტუმრებო, მივესალმები ჩვენს სტუმრებს, მეგობრებს, პატივცემულ ელჩებს. მე მინდა, პირველ რიგში, მივესალმო საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ჩვენს საამაყო დიპლომატებს, ელჩებს, რომლებიც თავდაუზოგავად ემსახურებიან ჩვენს სამშობლოს და ჩვენს სახელმწიფოს აძლიერებენ ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მე მივესალმები ჩვენს ელჩებს, რომლებიც „ონლაინ” გვადევნებენ თვალყურს, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან შედეგებსა და პროგრესზე.
„ძალიან მოკლედ მინდა მიმოვიხილო, თქვენთან ერთად, ჩვენს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები და პროგრესი, რომელიც, მართლაც უნდა ითქვას, რომ ხელშესახებია. ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენი მთავრობის დროს, წარმატებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ მართლაც გვქონდა შთამბეჭდავი შედეგები და მე მინდა რამდენიმე გამოვყო.
პირველი, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რომელიც იყო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილება. მე პატივად მერგო აღნიშნულ ისტორიულ დოკუმენტზე ხელმოწერა.
ასევე, მინდა გამოვყო უვიზო რეჟიმის მიღწევა ევროკავშირთან, რომელიც მართლაც არის ხელშესახები და ამის თაობაზე ჩვენს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში.
მე მახსენდება ჯერ კიდევ ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის პირველი დღეები, როდესაც, მაშინ, იმ დროინდელმა კომისარმა სესილია მალმსტრომმა გადმომცა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. მოგეხსენებათ, რომ მაშინ, იმ დროინდელი ჩემი სამინისტროს გასაკეთებელი იყო, დაახლოებით 70% ჩვენს სამინისტროზე მოდიოდა. შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრობის რანგში, თქვენთან ერთად, ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ წარმატებით დავხურეთ, ნაკისრი ვალდებულებები შევასრულეთ პირნათლად და 2015 წლის ბოლოს, 17 დეკემბერს, მივიღეთ საბოლოო დასტური და მწვანე შუქი ევროკავშირისგან, იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ იმოგზაურებდნენ ევროკავშირში, რაც ძალიან მალე უკვე პრაქტიკულად აღსრულდა და ეს არის ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი წარმატება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს ნიშნავს ნდობას, რომელიც გამოგვიცხადა ჩვენ ევროკავშირმა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხელშესახები პროგრესი იყო მიღწეული ნატოსთან მიმართებაში.
„ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციაში ავსახეთ ჩვენი მკაფიო საგარეო პოლიტიკის კურსი და შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით უკვე სამუდამოდ პროცესი გახდა შეუქცევადი.
ნატოსთან მიმართებაში, ასევე მინდა რამდენიმე სიტყვით ვთქვა, რომ გვქონდა მართლაც ხელშესახები პროგრესი, თუნდაც „JTEC” გახსნა, თუნდაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ნატოს წევრმა ქვეყნებმა მიიღეს საქართველოსთან მიმართებაში. ყველა ცალსახად, ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველო მართლაც იმსახურებს ნატოს წევრობას დღეს, თუმცა ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამის თაობაზე საჭირო არის ყველა წევრი ქვეყნის საბოლოო გადაწყვეტილება და კონსენსუსი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივყვებით სტრატეგიული მოთმინების და მზადყოფნის რეჟიმში აღნიშნულ მიმართულებას და გვჯერა, რომ ერთ დღეს მართლაც გახდება ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს წევრი”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.