ალბათ ხედავთ, რომ კონტრაბანდასთან დაკავშირებით აღარ მიდის საუბრები. ეს საკითხი უკვე გადალახულია. ჩვენ უკრაინაში ვიზიტამდე კომუნიკაციის დროსაც შევთანხმდით, რომ წინ გავიხედავთ და მომავალს შევხედავთ. სამომავლოდ ინფორმაციებს ერთმანეთთან გადავამოწმებთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE“ – ში განაცხადა.
„ჩვენი დელეგაცია იყო მეორე უკრაინაში. ერთი დღით ადრე ჩეხეთისა და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეები იყვნენ ერთობლივად ჩასულები. საქართველოს დელეგაცია გახლდათ მეორე დელეგაცია მას შემდეგ, რაც რუსლან სტეფანჩუკისგან იყო მოწოდება პარლამენტების მიმართ, რომ ჩასულიყვნენ. განსაკუთრებული სითბოთი დაგვხვდნენ ნამდვილად.
ეტყობოდა კიდეც ჩვენს მასპინძელს, რომ სურდა ეჩვენებინა ეს სითბო. ცდილობდა არა მხოლოდ ოფიციალურად, არამედ ადამიანურადაც შესამჩნევი ყოფილიყო ეს სითბო და ის სიყვარული, რომლითაც ის დახვდა ჩვენს დელეგაციას. ჩვენი დელეგაციაც განსაკუთრებული იყო. იყო მრავალპარტიული. სტეფანჩუკის მხრიდან იყო განსაკუთრებული მადლიერება, რომ პოლიტიკური სპექტრის მრავალფეროვნება იყო წარმოდგენილი და ამით მთელი საქართველოს გზავნილი იყო ჩატანილი. „ნაციონალური მოძრაობა“ იქ არავის უხსენებია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.