რამდენიმე დღეა, ისევ ხდება ჩემი სახელის ხელოვნური მიწებება ნაგვის მჭამელი პოლიტიკოსების მხრიდან ტენდერზე, რომელიც თანამედროვე ტიპის ნაგვის ურნების შესაძენად გამოცხადდა, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია სოციალურ ქსეში.
„უკრაინაში წასვლის წინ უნდა დავწერო…
ექვსი წელია პარლამენტის წევრი ვარ. დღიდან ჩემი პოლიტიკაში გამოჩენისა, ჩემი, ჩემი ოჯახის წევრების, ახლობლების მისამართით მუდმივად ჟღერდება სიცრუე, სიყალბე და ცილისწამება (როგორც ჩანს, ეს ქართული პოლიტიკის თანმდევი სენი და უბედურებაა). ამ წლების განმავლობაში, რა არ დაუბრალებიათ ჩემთვის და ჩემი ახლობლებისთვის შეცდომაში შეყვანილ, სულგაყიდულ ჟურნალისტებს, თუ პოლიტიკოსებად წოდებულ გათახსირებულ, ხელმოცარულ ადამიანებს.
სინამდვილეში სხვის ნერვებსა და გაჭირვებაზე „მოპარაზიტე“, ლეშიჭამიები რომ არიან. ტენდერები, მშენებლობები, ავტობუსები, ათასი სისულელე და სიბინძურე! ცალკე თემაა ჩემი და კახა კალაძის მეგობრობას მიბმული ფეიკ ნიუსები!
რამდენი სიბინძურე, უსინდისობა, უსამართლობა და ცილისწამება გადაუტანია კახას, მაგრამ გადატანა არც მისთვის და არც ჩემთვის და არც ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანისათვის შეჩვევას და იმუნიტეტს არ ნიშნავს. თითოეულ ასეთ ცილისწამებაზე, თითოეულ ჯერზე გულები გვისკდება ჩვენ, გულები უსკდებათ ჩვენი ოჯახის წევრებს, მშობლებს, განიცდიან შვილები.
ჩვენ ირგვლივ, სამწუხაროდ, უამრავი გაჭირვებული ადამიანია. დარწმუნებული ვარ, მრავალი მათგანი შეცდომაში შედის და გარკვეულწილად, ბოროტდება კიდეც ასეთი ინფორმაციების მოსმენისას.
სწორედ ამიტომ, უნდა ვთქვა ყველას გასაგონად, კეთილმოსურნისა და ავის მსურველის:
ახლაც, რამდენიმე დღეა, ისევ ხდება ჩემი სახელის ხელოვნური მიწებება, მართლაც რომ ნაგვის მჭამელი პოლიტიკოსების მხრიდან ტენდერზე, რომელიც გამოცხადდა თანამედროვე ტიპის ნაგვის ურნების შესაძენად, გაიმარჯვა „ჯითი გრუფმა“.
ჯითი გრუფში“ 2 წლის წინ მართლაც მუშაობდა და არ ფლობდა(!) ჩემი ქვისლი, ჩემი ოჯახის წევრი, ლევან გოგსაძე. ამჯერად, საზოგადოებას და არც ზემოთ ჩამოთვლილ ჟურნალისტებს, თუ პოლიტიკოსებს არც გინებასა და არც დაგინებას არ ვაკადრებ. არც ის მინდა ვათქმევინო საზოგადოებას, რომ იმდენად გავმწარდი ამხელა კაცი, რომ წყევლა-კრულვაზე გადავედი.
მინდა, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არასდროს მიკადრებია, არც საკუთარი თავისთვის და არც სხვებისთვის იმგვარი რამის თქმა, რაც ტკივილს მიაყენებს ადამიანს ან მის ახლობლებს. ამიტომ, ამ დიდ მარხვაში ასე ვიტყვი: თუ ოდესმე მე, რაიმე ტიპის გარიგებაში შევსულვარ „ჯითი გრუფთან“ ჩემი ქვისლის იქ მუშაობისას ან მერე ან მანამდე, თუ როდისმე საკუთარი თავისთვის(!) ან კახი კალაძისთვის(!) ჩვენს მეგობრობამდე ან მეგობრობისას, მიკადრებია რაიმე ტიპის უკანონო გარიგებაში შესვლა ან რაიმე ტენდერში როდისმე მიმიღია მონაწილეობა, კანონიერი ან უკანონო ფორმით, ღმერთმა, როგორც ამ სიუჟეტში იყო ნათქვამი, არც თანამედროვე ტიპის ნაგვის ყუთიდან და არც ძველიდან თავი არ ამოაყოფინოს ჩემს შვილებს და მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია და მორჩა! წერტილი! ხოლო, თუ ამ სიტყვების შემდგომ, რომელიმე ზემოთ ხსენებული ბოროტი სული, პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი კიდევ ერთხელ შეეცდება ჩემი და ჩემი ოჯახის სიბინძურეში გასვრას ამ ფორმით და რაიმე ტიპის უკანონობასთან მიწებებას, მაშინ მისთვის დედაც შემიგინებია, მამაც და ისიც მისურვებია, რაც ჩემს შვილებთან დაკავშირებით ვთქვი!!!
პ.ს. მეტიც, არცერთ დროს, არცერთ ხელისუფალთან არანაირ უღირს გარიგებაში არ შევსულვარ და თუ რამე გამაჩნია, სწავლით, შრომით და მოთმინებით.
მადლობთ ყურადღებისთვის!
ყველას სულის სიმშვიდეს და წარმატებას გისურვებთ!“, – წერს ბექა ოდიშარია.