ირაკლი კობახიძე: ნაცმოძრაობის შესრულებით, გუშინ ჩვენ ვიხილეთ ანტიამერიკული პროპაგანდა

,,ნაცმოძრაობის წარმომადგენლები გვარამია და საყვარელიძე პირდაპირ აწარმოებდნენ ანტიამერიკულ პროპაგანდას. ერთმა ბრალი წაუყენა ამერიკის შეერთებულ შტატებს, უკრაინაში ხელოვნურად ომის გახანგრძლივებაში. გვარამია პირდაპირ თავს დაესხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში და მას დააბრალა რაღაცეები და მოსთხოვა გარკვეული განცხადების უარყოფა მომხდარიყო’’ – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტვ პალიტრას გადაცემაში ,,360 გრადუსი’’ განაცხადა.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ანტიამერიკული პროპაგანდა გუშინ ვიხილეთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების შესრულებით, რომელიც, რუსული პროპაგანდის ნაწილია.

 

,,ანტიამერიკული პროპაგანდა გუშინ ვიხილეთ ნაცმოძრაობის შესრულებით. ეს აქტი, რა თქმა უნდა არის რუსული პროპაგანდის ნაწილი, თუმცა, კიდევ ერთხელ, გავიმეორებ, რომ ვერც მთავარ არხს, ვერც ფორმულას, ვერც ტვ პირველს ვერ დავხურავთ. ჩვენ ვიცით რეალურად პრობლემა სად არის, რომელ ტელევიზიებს აქვს გავლენა და ეს გავლენიანი ტელევიზიები, თავის ფარგლებში, როგორ აწარმოებენ იმ პროპაგანდას, რომელიც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს – ესენი არიან ზუსტად ეს არხები. რეალურად, მათი მხრიდან, წარმოებს მუდმივი პროპაგანდა, რაც ხელს აძლევს რუსეთის ფედერაციას. იგივე ომის პროპაგანდა, რაც მათი პარტიის და მათი ტელევიზიების მხრიდან წარმოებს. ესეც არის ბუნებრივია, რუსული თამაში. აქედან გამომდინარე, ვინ არის რუსული პროპაგანდით დაკავებული და ვინ არა, ეს არის დღესავით ნათელი” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button