საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე ავსტრიის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა და საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის კარლ ნეჰამერის სატელეფონო საუბრის მთავარი განსახილველი საკითხები.
ირაკლი ღარიბაშვილმა და კარლ ნეჰამერმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე მოსაზრებები და ინფორმაცია გაცვალეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს უკრაინელი მეგობრების როგორც ჰუმანიტარულ, ისე პოლიტიკურ მხარდაჭერას ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე.
მთავრობის მეთაურმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და ევროკავშირში წარდგენილ გაწევრიანების განაცხადზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკომისიისგან საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი მიიღო და საქართველოს მიერ შევსებული კითხვარი ევროკავშირს მაისის თვეში გადაეცემა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის გზაზე პარტნიორობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ წევრობისკენ მიმავალ გზაზე ავსტრიის რესპუბლიკა საქართველოს გვერდით იდგება.
პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს საქართველოს ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ავსტრიის კანცლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.