მე ვუსურვებ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მშვიდობის დამყარებას, ომის მალე დასრულებას და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, სახლებში დაბრუნებას მშვიდობიანად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინელ მოსწავლეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მაქსიმალურ მხარდაჭერას და ყურადღებას გამოხატავს უკრაინის მიმართ და ეს მომავალშიც გაგრძელდება.
„დღეს ჩვენ მოვინახულეთ უკრაინელი მოსწავლეები, რომლებიც დროებით ჩამოვიდნენ საქართველოში და დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, მათ შვილებს. ძალიან სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს სკოლაში მოვინახულე პირველკლასელები ჩემს შვილებთან ერთად, რომლებიც ასევე პირველკლასელები არიან. მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ვუსურვო მალე დაბრუნება საკუთარ სახლებში. ჩვენ ის ტკივილი რასაც ისინი ახლა გადიან გამოცდილი გავაქვს არა ერთგზის და მე ვუსურვებ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მშვიდობის დამყარებას, ომის მალე დასრულებას და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, სახლებში დაბრუნებას მშვიდობიანად. ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი მაქსიმუმს აკეთებს, ჩვენ ვართ 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინაში, 500 ტონაზე მეტი ტვირთი გაიგზავნა ჩვენი ხალხის მიერ, ესაა ქართველი ხალხის საჩუქარი და დახმარება უკრაინელი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, უკრაინის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას და ყურადღებას გამოვხატავთ და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება მომავალშიც,”- აღნიშნა პრემიერმა.