საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს,სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება.
შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით და აგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საქართველოს მთავრობა უკრაინას ომის დაწყების დღიდან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, უკვე გაგზავნილია 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი და ეს პროცესი გრძელდება, საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს კი მაქსიმალური მხარდაჭერა გაეწიათ ყველა შესაბამისი სამსახურის მხრიდან.
საუბარი შეეხო დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ყოვლისმომცველ სახელმწიფო სტრატეგიას, რომელზეც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს. აღინიშნა, რომ სტრატეგიის შემდგომი განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერა და ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.
ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ქმედითი, ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობას და გალის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლების აუცილებლობას.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდა.