მენტალური ჰიგიენა მავალდებულებს, არ ვისაუბრო იმ სიტყვებით, რაც ემოციურად პირველი მომივა თავში – განაცხადა უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადების კომენტირებისას.
მისი თქმით, როდესაც უკრაინელი თანამდებობის პირებისგან ყველას სიფრთხილე შეწყნარებულია და საქართველოს სიფრთხილე არ არის შეწყნარებული, ამას ერთადერთი ახსნა აქვს – შიდასახელმწიფოებრივი პოლიტიკური პროცესებით დაინტერესება და მათი გულშემატკივრობა სააკაშვილისადმი.
მისივე თქმით, დიდი ხანია, ამ ადამიანის გამონათქვამები გასცდა ეთიკის ფარგლებს.
„დიდი ხანია, ამ ადამიანის გამონათქვამები გასცდა ეთიკის ფარგლებს და საზღვრებს. ალბათ აჯობებს, თუ ცოტა უფრო თავშეკავებულები იქნებიან ამ მიმართულებით. მართლა ძალიან ცუდად გამოიყურება ეს ყველაფერი.
თუ მაინცდამაინც ვინმეს ჩვენი რიტორიკაში გამოწვევა უნდა და ასეთი ტიპის განცხადებების პროვოცირება, ესეც ძალიან იოლად ხელგვეწიფება და იციან ამის თაობაზე.
არ მგონია მოგებულები დარჩნენ ამ მიმართულებით, ვის რაში შეიძლება აწყობდეს ეს დამოკიდებულება? რიტორიკულად ვსვამ ამ კითხვას და მინდა ყველამ ვიფიქროთ. ყველა სახელმწიფო არის ფრთხილი და პრაგმატული, როდესაც საქმე ეხება სანქციებს, უკრაინასთან და რუსეთთან ურთიერთობას დღევანდელ პირობებში.
ამით აიხსნება მათ შორის ევროპის გადაწყვეტილება, რომ დღემდე არიან მომხმარებლები იმ ენერგეტიკული რესურსებისა, რომელსაც რუსეთი აწვდის. უფრო მეტიც, ყველაზე დიდი ნაწილი რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი ხაზით უკავშირდება ევროპას გაზის მიწოდება.
ამ ფონზე, როდესაც ყველა სახელმწიფოსგან სიფრთხილე და პრაგმატულობა არის უკრაინელი თანამდებობის პირებისგან შეწყნარებული, მხოლოდ საქართველო და რამდენადაც ვიცი კიდევ ერთი აფრიკული სახელმწიფო იყო, რომელთა მიმართებაშიც ეს არ იქნა შეწყნარებული. გახსოვთ აზერბაიჯანთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები და სხვა არაერთი. ასეთ პირობებში, როდესაც ყველას სიფრთხილე შეწყნარებულია და საქართველოს სიფრთხილე არ არის შეწყნარებული, რა შეიძლება იყოს ამგვარი ორმაგი სტანდარტებით შეფასებების განმაპირობებელი, ერთადერთი ახსნა აქვს ამას – შიდასახელმწიფოებრივი პოლიტიკური პროცესებით დაინტერესება, მათი გულშემატკივრობა სააკაშვილისა, სხვაგვარი ახსნა ამას უბრალოდ შეუძლებელია მოეძებნოს, ამას ძალიან კარგად ხედავს ყველა, მათ შორის საქართველოშიც და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც და ეს არცთუ კარგად გამოიყურება მათი მხრიდან“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.