ბრიუსელმა, ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს შეშფოთების გამო, შეაჩერა საკუთარი გეგმები, აეკრძალა ევროკავშირის მიერ რუსული ნედლი ნავთობის გადაზიდვის ინდუსტრია.
ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსის“ სტატიაშია ნათქვამი.
გამოცემის ცნობით, წინადადებაზე, რომელიც გადაზიდვის ინდუსტრიას ეხებოდა და რომელიც გასულ კვირას იქნა წარდგენილი, ევროპულმა კომისიამ მალტასა და საბერძნეთიდან ლობირების შემდეგ თქვა უარი.
გამოცემის ინფორმაციით, თავის მხრივ, ცალკეულად უნგრეთი არ უჭერს მხარს რუსული ნავთობის იმპორტზე ევროკავშირის შეთავაზებულ აკრძალვას, ევროპული კომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ბოლოდროინდელი მოლაპარაკებების შემდეგაც კი.
როგორც მედია წერს, ევროპული გაერთიანება ვლადიმერ პუტინის რეჟიმზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდას ცდილობს კრემლისთვის მომგებიანი ნავთობის ინდუსტრიის მიზანში ამოღებით, მაგრამ შეთავაზებული ზომები თავის მხრივ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ცალკეულ ეკონომიკებს. გამოცემის ცნობით, შედეგად, ბრიუსელი იძულებულია, დათანხმდეს კონკრეტულ გამონაკლისებს 27 წევრი-სახელმწიფოს სასარგებლოდ.
„შეთავაზებული ენერგოპროდუქტის გადაზიდვის აკრძალვა განიხილებოდა, როგორც გზა, რომელიც გაართულებდა პუტინის მიერ ნედლი ნავთობის მიწოდებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის. თუმცა, ბოლო დღეებში ზოგიერთი ქვეყანა ამტკიცებდა, რომ ამ გადაზიდვების ეფექტური აკრძალვა უნდა მოიცავდეს ისეთ სახელმწიფოებსაც, როგორებიც აშშ და დიდი ბრიტანეთია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალურ ვაშინგტონს გავლენის მოხდენა შეუძლია ისეთ ქვეყნებზე, როგორებიც ლიბერია, მარშალის კუნძულები და პანამაა, რომელთა დროშის ქვეშაც არაერთი გემი ცურავს. არსებული ცნობებით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს შორის შეთანხმების არ არსებობა გახდა ამ წინადადების უარყოფის მიზეზი.
ევროპულმა გაერთიანებამ ევროპის კომპანიებს ასევე შესთავაზა აკრძალვა მომსახურების უზრუნველყოფის, მათ შორის დაზღვევის მიმართულებით, რომელიც მსოფლიოში რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვისაა საჭირო. აქვე, მოსალოდნელია, რომ წევრი-სახელმწიფოების უკმაყოფილების მიუხედავად, ეს ნაწილი შენარჩუნდება“, – ნათქვამია სტატიაში.
„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, მიზნობრივი საზღვაო დაზღვევა არის მძლავრი ინსტრუმენტი, რადგან რუსული ნავთობის ექსპორტის უმეტესი ნაწილის ტრანსპორტირება ტანკერებით ხდება და ამ სექტორის უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიები ძირითადად დასავლეთის ქვეყნებში მუშაობენ.
არსებული ცნობებით, იმ შემთხვევაში, თუ შემოღებული იქნება ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინირებული აკრძალვა საზღვაო ფინანსურ მომსახურებაზე, რუსული ნავთობით ვაჭრობა სულ უფრო მეტად დაეყრდნობა ირანისა და ვენესუელას სანავთობე ვაჭრობაში გამოყენებულ ე.წ. მოჩვენებითი ფლოტის ტაქტიკას. გამოცემა წერს, რომ ეს ნიშნავს ხომალდების ყალბი რეესტრის ქვეშ მოქცევას, ადგილმდებარეობის სიგნალების გაყალბებას, ტვირთის მრავალჯერადად გადატანას და ა.შ.