რაც შეეხება უკრაინელ ლტოლვილებს, საქართველო, მინდა ყველას შევახსენო, 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა, რომელმაც ყველაზე მეტეი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინელი ხალხისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამასთანავე, ყველა იმ უკრაინელ მოქალაქეს, ვინც ჩამოსულია საქართველოში, სახელმწიფო მაქსიმალურად ეხმარება.
„ჩვენ რაც შეგვიძლია, ვუკეთებთ მაქსიმუმს, დაწყებული ჯანდაცვით, განათლებით. გახსენებთ, მე თავად მოვინახულე უკრაინული ბავშვებისთვის გახსნილი უკრაინული სექტორი, რომელიც განათლების მინისტრმა შექმნა თბილისში და ახლა ბათუმში აპირებს გახსნას. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეუძლია პატარა ქვეყანას ჩვენი ბიუჯეტით. ეს არის მაქსიმუმი. გთხოვთ, იფიქროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე პირველ რიგში. თქვენი პარტიული ინტერესები და საფუძველმოკლებული ინტერპრეტაციები არ აინტერესებს ჩვენს ხალხს. ჩვენი ხალხი დაირაზმა მთავრობის ხელშეწყობით, ჩართული იყო ყველა რეგიონი და 550 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინაში უკრაინელებისთვის. ხალხო, ეს დააფასეთ, გაიგეთ, დაწყნარდით და მშვიდად იყავით ყველანი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.