„ჩვენ ვითხოვთ ფაქტებს. თუ სასამართლოში არის პრობლემა საჭიროა ფაქტების მოტანა. მაგრამ ვერცერთი ასეთი საქმე ვერ მოაქვთ. ერთადერთი, როცა დაიწყო სასამართლოსთან დაკავშირებით კამპანია ეს ყველაფერი დაუკავშირეს რუსთავი 2-ის საქმეს. მანამდე არანაირი კამპანია არ წარმოებდა, არც კლანი გვესმოდა, საერთოდ არ იყო არაფერი 2017 წლამდე. 2017 წლიდან დაიწყო ტოტალური კამპანია“- ამის შესახებ განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის თემა“.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა როდესაც შენ ხარ კრიმინალი და გელოდება სასამართლო პროცესი, ბუნებრივია შენთვის ყველაზე მარტივია, რომ სცადო სასამართლოს დისკრედიტაცია. იგივე ხდება ნაცმოძრაობის შემთხვევაშიც. მათ იციან, რომ კრიმინალები არიან და იმისთვის, რომ მათ თავიდან აირიდონ რაღაცნაირად ეს შტამპი, რასაც ქვია დამნაშავის შტამპი, ისინი იძულებულები არიან, რომ მუდმივად დაუპირისპირდნენ სასამართლო სისტემას.
„უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი. გვარამიამ ხომ ძალიან კარგად იცოდა, ძარცვავდა იმ ტელეკომპანიას, რომელიც რამდენიმე თვეში გადასაცემი ჰქონდა სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ კონკრეტული დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და ამის გამო მისი ტელევიზია იყო ერთ-ერთი აქტიური სასამართლო სისტემის წინააღმდეგ. დღეს საუბრობს იმაზე, რომ სასამართლომ შეუფარდა მას უსამართლო სასჯელი.
ამას წინ უძღვოდა მისივე წარმოებული კამპანია სასამართლოს წინააღმდეგ. იგივე ეხება რა თქმა უნდა სააკაშვილს, მის ინტერესებს, უგულავას და ა.შ. ისინი არიან კრიმინალები, რაც არის სასამართლოს მიერ დადასტურებული, რიგ შემთხვევებში ეს ყველაფერი სტრასბურგის მიერ არის დადასტურებული“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით მზად არიან იმუშავონ ყველასთან და თუ წარმოადგენენ არგუმენტებს, ევროკავშირისთვის მიცემული პირობის თანახმად გაატარებენ ყველა რეფორმას.
„კიდევ ერთხელ რომ გავიმეორო, ჩვენ ვართ მზად ყველასთან ერთად ვიმუშაოთ, მოვისმინოთ შეფასებები, ფაქტები, არგუმენტები და თუ იქნება წარმოდგენილი კონკრეტული არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად ესა თუ ის საქმე არის გადაწყვეტილი არასწორად და სამართლებრივად არის სისტემური პრობლემები და ა.შ ჩვენ რა თქმა უნდა ამ არგუმენტების შესაბამისად გავატარებთ ნებისმიერ რეფორმას, ამის პირობა ჩვენ გვაქვს მიცემული ევროკავშირისთვის და რა თქმა უნდა ამ პირობის მიხედვით ვიმოქმედებთ“- განაცხადა კობახიძემ.