კასპში მუზეუმების დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტში გამართული ღონისძიებების კვირეული დასრულდა, რომელშიც ხუთივე მუზეუმი მონაწილეობდა.

კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ქალთა ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა გაიმართა. გამოფენის 14 მონაწილიდან 13 -ის ნამუშევრები პირველად გახდა ცნობილი დამთვალიერებლებისთვის, მათგან ყველაზე უმცროსი ქალაქის #1 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ქეთევან კოპაძე იყო.

სასირეთის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის და ხოვლეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მუზეუმებში, ლამისყანის ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე მუზეუმში მოეწყო გამოფენები საოჯახო ალბომებიდან, ხატვის კონკურსები ხოლო საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი თვითშემოქმედება წარმოადგინეს.

კავთისხევში ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებაში „ლხინი სოფლად”, მონაწილეობდა კულტურის დაწესებულებების გაერთიანებასთან არსებული აღაიანის სასოფლო კლუბის ხალხურ საკრავთა ანსამბლი, საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი “თხოთი”.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მუზეუმების დირექტორები წიგნით “შიდა ქართლის ეკლესია – მონასტრები” დაასაჩუქრა.

Back to top button