ირაკლი კობახიძე: ჯაყოებში თუ ჩემპიონი მიხეილ სააკაშვილია, თეიმურაზ ხევისთავებში ჩემპიონი არის დავით უსუფაშვილი

ქართულ პოლიტიკას ჰყავს გამორჩეული ჯაყოები და თეიმურაზ ხევისთავები. ჯაყოებში თუ ჩემპიონი მიხეილ სააკაშვილია, თეიმურაზ ხევისთავებში ჩემპიონი არის ნამდვილად დავით უსუფაშვილი“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძე „ლელოს“ ერთერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ძალიან მძიმეა, როდესაც ასეთი ადამიანები არიან დღეს საქართველოს პარლამენტში და ქართულ პოლიტიკაში.

 

მისივე თქმით, დავით უსუფაშვილი დღევანდელობას ადარებს იმ პერიოდს, როდესაც ადამიანებს აწამებდნენ და კლავდნენ.

 

“გამორჩეული იყო დავით უსუფაშვილის გამოსვლა. ერთერთი ფრთიანი ფრაზა იყო, რომ დემოკრატიული სამყაროს ნდობის ხარისხი თურმე ჩვენს მიმართ დღეს არის ყველაზე დაბალი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მე მგონი საბჭოთა პერიოდშიც უფრო მაღალი ნდობა ჰქონდა, უსუფაშვილს თუ დავუჯერებთ.

 

დავით უსუფაშვილი დღევანდელ მოცემულობას ადარებს იმ პერიოდს, როდესაც ადამიანებს აწამებდნენ, კლავდნენ და რას აკეთებდნენ თქვენ ჩემზე კარგად იცით, იმიტომ, რომ თქვენ აკეთებდით ამ ყველაფერს.

 

როდესაც უსუფაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი მოცემულობა უფრო მიუღებელია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ვიდრე მაგალითად 2004 -2012 წლები ეს არის უბრალოდ სირცხვილი და უკადრებელი რამ.

 

კიდევ ერთი – ბატონმა დავით უსუფაშვილმა ტელევიზიებზე ისაუბრა. ეს არ არის თავდასხმა თავისუფალ მედიაზე? ეს ერთი და მეორე – შედარებები გააკეთა და რუსთავი-2 გაიხსენა, როდესაც 2012 წელს, გახსოვთ ტერორისტული რეჟიმი, როდესაც რუსთავი-2 ოპოზიციას არ იწვევდა და შეადარა დღევანდელ იმედს, და რეალ ტვ შეადარა პოსტვ-ს.

 

ერთი რამე მინდა ვუთხრა ბატონ უსუფაშვილს, მაშინდელი რუსთავი-2 და მაშინდელი რეალ ტვ არის სწორედ თქვენი მთავარი, ფორმულა და ტვ პირველი. ზუსტად ამის გადმონაშთია თქვენი სამი ტელევიზია, რომელიც ყოველდღიურად ავრცელებს სიცრუეს და სიძულვილს და როცა უსუფაშვილი ამაზე საუბრობს, რომ იმედს ადარებს მაშინდელ რუსთავი2-ს, ეს არის რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი სირცხვილი.

 

კიდევ ერთი აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ უსუფაშვილის მხრიდან ომის თემასთან დაკავშირებით – ომის პარტიას გვეძახიან და ეს კომპლიმენტადაც შეგვიძლია მივიღოთო.

 

არის აღიარებითი ჩვენება, ძალიან კარგად ვიცით, რა არის საბოლოო მიზანი, რაც ამოძრავებს ამ ხალხს და ამას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. შანსები გაგვიჩნდაო, ომის კონტექსტში ახსენა ბატონმა დავითმა, ძალიან მარტივად არის ნათელი ის თუ რა არის მათი რეალური განზრახვა და მიზანი. ძალიან მძიმეა, როდესაც ასეთი ადამიანები არიან დღეს საქართველოს პარლამენტში და ქართულ პოლიტიკაში. ქართულ პოლიტიკას ჰყავს გამორჩეული ჯაყოები და თეიმურაზ ხევისთავები. ჯაყოებში თუ ჩემპიონი მიხეილ სააკაშვილია, თეიმურაზ ხევისთავებში ჩემპიონი არის ნამდვილად დავით უსუფაშვილი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button