ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიცია მაშინ არის ძლიერი და წარმატებული, თუ მას ჰყავს საქმისთვის თავდადებული პროფესიონალები

ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეს და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას განსაზღვრავს ძლიერი პოლიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლიცია მაშინ არის ძლიერი და წარმატებული, თუ მას ჰყავს საქმისთვის თავდადებული პროფესიონალები, რომლებიც ამაყობენ პოლიციელის მუნდირით.

 

„ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატივცემულო მთავრობის და პარლამენტის წევრებო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, ძვირფასო პოლიციელებო, ჩვენო საამაყო პოლიციელებო, ბატონო შინაგან საქმეთა მინისტრო, ძვირფასო სტუმრებო, ყველას გილოცავთ პოლიციელის დღეს! ჩემთვის დიდი პატივია, დღესაც ვიდგე ამ ტრიბუნასთან და გილოცავდეთ პოლიციელის დღეს. თქვენ კარგად იცით, რომ მე პოლიციის დიდი გულშემატკივარი ვარ. კარგად მესმის, როგორც ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და პრემიერ-მინისტრს თუ რაოდენ საპასუხისმგებლო და რთულ საქმეს ეჭიდებით. მე ძალიან კარგად ვიცი, თუ რა რთულ პირობებში გიწევთ თქვენ 24-საათიანი მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებისთვის და ჩვენი ქვეყნის სიმშვიდისთვის.

 

მე კარგად ვიცი, რომ თქვენ საქმიანობა ხშირად უდიდესი რისკის ფასად გიწევთ. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ თქვენს იმ მეგობრებსა და კოლეგებს, იმ გმირ პოლიციელებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე გაიღეს ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოებისთვის. ქედს ვიხრი კიდევ ერთხელ ჩვენი გმირი პოლიციელების ნათელი ხსოვნის წინაშე.

 

ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეს და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას განსაზღვრავს ძლიერი პოლიცია. პოლიცია მაშინ არის ძლიერი და წარმატებული, თუ მას ჰყავს საქმისთვის თავდადებული პროფესიონალები, თქვენნაირი თავდადებული, თავგანწირული ოფიცრები, რომლებიც ამაყობენ პოლიციელის მუნდირით, როდესაც პოლიციის აღჭურვა და შეიარაღება პასუხობს თანამედროვე სტანდარტებსა და გამოწვევებს და რა თქმა უნდა, საპოლიციო ინფრასტრუქტურა გამართული და მოწესრიგებულია”, – განაცხადა პრემიერმა.

Back to top button