კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის თავზე, ჩვენ შევძლებთ და გაცილებით მეტ შედეგზე ვისაუბრებთ

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა „ქართული ოცნების” ქობულეთის მერობის კანდიდატის ლევან ზოიძის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„არ მეგულება ჩვენი თაობის ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ გაუტარებია ზაფხული ქობულეთში. განსაკუთრებით ჩვენ, 90-იანი წლების სტუდენტები, ფაქტიურად ყოველ ზაფხულს აქ ვიყავით და ძალიან ბევრი ტკბილი მოგონება გვაკავშირებს ამ ულამაზეს ქალაქთან.

მე პირადად, ჩემს მეგობრებთან ერთად, ქობულეთში ვმუშაობდი კიდეც. დასამახსოვრებელი იყო ის ზაფხული, რადგან ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე, ბევრი ადგილობრივი ოჯახი გავიცანი და მათ ხშირად ვსტუმრობდი. ქობულეთზე საუბრისას ყველას ახსენდება ის ბრწყინვალე სანაპირო, თუ არ ვცდები, ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ქუჩა ევროპაში, თუ ყველაზე გრძელი არა და ის სასტუმროები, ჰავა, რომლითაც გამოირჩევა ქობულეთი და იზიდავს არა მხოლოდ ქართველ ასევე უცხოელ ტურისტებსაც რეგიონის მასშტაბით. თუმცა, მე ვთვლი, რომ პოტენციალი გაცილებით დიდია.

რამდენიმე თვის წინ ვესტუმრე მაღლა, მთაში მიმდინარე მშენებლობას, სასტუმროს ულამაზესი კომპლექსი შენდება, რომელიც ზამთარ-ზაფხულ შეძლებს ტურისტებს უმასპინძლოს.

სულ ახლახანს გაიხსნა ასევე შატო „კვირიკე”, რომელიც ჩემი აზრით, ერთ-ერთი გამორჩეული შატოა საქართველოს მასშტაბით. აქ არის ბრწყინვალე მევენახეობა, კივის პლანტაციები, რაც ყველაზე მთავარია, თბილი ხალხი, რომელიც ცდილობს უმაღლესი ხარისხის მომსახურება მიაწოდოს სტუმარს.

აღარ ვსაუბრობთ სამრეწველო პოტენციალზე, რომელიც ამ რეგიონს გააჩნია. 35-40 ათასი ტონა ციტრუსი, რომელიც ექსპორტზე გავიდა, ნამდვილად შთამბეჭდავია. ასევე შთამბეჭდავია 30-მდე საწარმო, რომელიც მიღება-გადამუშავებას აწარმოებს.

დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი შეიძლება რისთვისაც აუცილებელია ძლიერი თვითმმართველობა- მერი, საკრებულო, რომელიც იზრუნებს, და ასევე ყოველთვის ისაუბრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან, იქნება მოწოდებული იმისთვის, რომ ისინი ჩართოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებით ახალგაზრდები.

მე ვისურვებდი რომ ახალგაზრდებს ბოლომდე მიეცეთ შესაძლებლობების რეალიზების საშუალება.
არ შემიძლია არ ვახსენო უნიკალური „მტირალას ეროვნული პარკი”, რომელიც ახლახანს გაიხსნა. მოგეხსენებათ, „ქართული ოცნებისთვის” გარემოს დაცვის საკითხები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო ყოველთვის, პირველივე დღიდან. ჩვენ ავიღეთ პოლიტიკა, ეროვნული პარკების, დაცული ტერიტორიების, დაცული ლანდშაფტების შექმნის, რომელმაც გაამართლა და ვგულისხმობ არა მარტო კონსერვაციას ულამაზესი მრავალფეროვნების და სიმდიდრის, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს სიმდიდრეს წარმოადგენს.

თავისი ზურმუხტის ქსელის ნაწილშიც, არამედ სარგებელის მიღებაც. ჩვენ ვიცით, რომ დაცული ტერიტორიების მართვა იმ ფორმით, როგორც ეს დღეს ხდება, განსაკუთრებული სარგებელის მომტანია რეგიონებისთვის, რადგან გამოირჩევა როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტების ნაკადებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„მტირალას პარკიც” უკვე ორი-სამი წელია რაც გაიხსნა, კანონიც წინა მოწვევის პარლამენტმა მივიღეთ და უკვე გამოირჩევა ტურისტების მრავალრიცხოვნებით, უნიკალური ბიომრავალფეროვნებით.

დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის თავზე, ჩვენ შევძლეთ გაცილებით მეტ შედეგზე ვისაუბრებთ. დარწმუნებული ვარ ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს“ – განაცხადა კუჭავამ.

 

Back to top button