საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიმართვის საფუძველზე იმსჯელა და დაადგინა, რომ „TV პირველის“ ჟურნალისტმა ქარტიის პრინციპები დაარღვია. საუბარია „TV პირველის“ ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის სიზუსტის (პირველი) და შესწორების (მეხუთე) პრინციპების დარღვევაზე. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, საინფორმაციო გადაცემაში „პირველები“, 2022 წლის 1-ელ მაისს გავიდა და ცესკოს მიერ ავტომანქანების შეძენას ეხებოდა.
ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება 22 ივნისს გამოქვეყნდა. სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია – „ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტში ქარტიის 1-ელი პრინციპი დაირღვა და გავრცელდა არასწორი/გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რასაც ნაწილობრივ ტელეკომპანიის თვითრეგულირების საბჭოც ადასტურებს. სწორედ იმან, რომ ჟურნალისტმა დააკლო გადამოწმების ძალისხმევა და არ სცა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, გამოიწვია პირველი პრინციპის დარღვევა“.
რაც შეეხება მე-5 პრინციპის დარღვევას, როგორც ქარტიის საბჭო განმარტავს – „მედიის მიერ განხორციელებული შესწორება არ იყო სათანადო და საკმარისი. საქმის განხილვის დღემდე საჯაროდ იძებნებოდა არასწორი ინფორმაციის შემცველი სიუჟეტი, რომელსაც არ ახლდა არავითარი განმარტება, ბმული, რომელიც აუდიტორიას აცნობებს, რომ ეს ინფორმაცია არასწორია და ასეთი სახით სიუჟეტის დამოუკიდებლად არსებობა ქმნის რისკებს, რომ აუდიტორია არასწორ ამბავს გარკვეული დროის შემდეგაც მიიჩნევს სიმართლედ.აქვე, საბჭო აღნიშნავს, რომ შესწორება არასრულია და მაყურებლისთვის ბუნდოვანი რჩება რა იყო სიუჟეტში არასწორი“.
დეტალური ინფორმაცია ქარტიის გადაწყვეტილების შესახებ იხილეთ ბმულზე:
აქვე აღსანიშნავია, რომ სიუჟეტთან დაკავშირებით ცესკომ ასევე მიმართა ტელეკომპანიასაც და პასუხად მიიღო ტელეკომპანიის თვითრეგულირების კომისიის გადაწყვეტილება, სადაც სიუჟეტის ყველა სადავო ნაწილთან დაკავშირებით არგუმენტაცია არ იყო წარმოდგენილი.
“შეგახსენებთ, რომ „TVპირველის“ მხრიდან ეს არ არის მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელების პირველი შემთხვევა, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ტელეკომპანია TV პირველის ეთერში გასულ დეზინფორმაციულ რეპორტაჟებთან დაკავშირებით ცესკომ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ სამჯერ მიმართა. სამივე შემთხვევაში ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ტელეკომპანიის ეთერში გასულ რეპორტაჟებში დარღვეული იყო ინფორმაციის სიზუსტის პრინციპები” – აცხადებენ ცესკოში და ბმულებს ავრცელებენ:
https://www.qartia.ge/ka/gadatsyvetilebebis-dzebna/article/88871-2021-07-26-15-45-30